არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი პატრულისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის საქმის გამოძიებას მოითხოვს. საქმე ეხება 31 მაისს თბილისში წერეთლის გამზირზე ქალის დაჭრასა და მისი ყოფილი ქმრის მკვლელობას, რომელშიც ბრალდებული პოლიციელია.

მოქმედმა პოლიციელმა, ალექსანდრე ჭინჭველაშვილმა 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად მცხოვრებ ყოფილ პარტნიორი, ელენა ბლაგოდარნაია იარაღით დაჭრა. ამბავს ბლაგოდარნაიას ყოფილი ქმარიც შეესწრო, რომელსაც პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილოდ ესროლა.

როგორც ორგანიზაციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბლაგოდარნაიამ პოლიცია ინციდენტამდე ერთი საათით ადრე ჭინჭველაშვილისგან თავის დასაცავად გამოიძახა. ბრალდებულს ყოფილი პარტნიორი ბინაში არ უშვებდა. სახლში შესვლა მან მხოლოდ პოლიციის მოსვლის შემდეგ ეკიპაჟთან ერთად შეძლო. ჭინჭველაშვილი ბინაში 15 წუთის განმავლობაში იყო და სროლას პოლიციელებიც შეესწრნენ.

საფარში მიაჩნიათ, რომ პოლიციელებმა გულგრილობა გამოიჩინეს, რადგან დამნაშავემ სხვადასხვა ოთახში მყოფ ორ ადამიანს დაუბრკოლებლად ესროლა.

ამასთან, ელენე ბლაგოდარნაიამ ჭინჭველაშვილის წინააღმდეგ პოლიციას სექტემბერშიც მიმართა, თუმცა იმ დროისთვის, გამოძიება არ დაწყებულა და, მიმართვის მიუხედავად, პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას განაგრძობდა.

როგორც On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, პოლიციელის საქმეზე მოკვლევა დასრულებულია, ხოლო პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო.