დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებს, გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს შეხვდა.

დაგვიანებით შემოსულმა პირველმა ქართველმა ოძეკიმ საუბარი თავის მართლებით დაიწყო და აღნიშნა, რომ გუშინ ძმის ქორწილში იმყოფებოდა.

ლევანმა ხუმრობით ისიც თქვა, რომ ქართულმა ღვინომ მასზე დადებითად იმოქმედა და რომ "ნელ-ნელა ხელიც კი ურჩება". შეგახსენებთ, რომ წინა ბაშო ლევანმა ტრავმით დაასრულა, რადგან მეცამეტე ბრძოლაში დაცემისას მარჯვენა ხელი იტკინა.

ფოტო: ნიკა ბერიძე / On.ge

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ტოჩინოშინს ჰკითხა, თუ როგორ ემზადებოდა ჰაკუჰოს წინააღმდეგ საბრძოლველად და ელოდა თუ არა მოვლენათა ასეთ განვითარებას:

"90 პროცენტით დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში", - აღნიშნა ლევანმა და ხაზი იმას გაუსვა, რომ კარგ ფორმაში იმყოფებოდა.

ჰაკუჰო, რომელსაც ბევრი ყველა დროის საუკეთესო სუმოისტად მიიჩნევს, ლევანმა ბოლო ბაშოს მე-12 დღეს დაამარცხა.