ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიაში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთადერთმა დეპუტატმა, ადა მარშანიამ კომისიის შემადგენლობა გააპროტესტა და დეპუტატებს განსახილველი თემების გაფართოების ინიციატივით მიმართა.

ადა მარშანიას თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნით და განსაკუთრებით მისი შემადგენლობის სახით დაკანონდა აბსურდი, საღი აზრი, ზნეობა და მორალი კი სისულელედ გამოცხადდა.

"ქართულმა ოცნებამ უღალატა თავის ამომრჩეველს და დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის გზას დაადგა და ამ კომისიის შექმნა არის პიკი ამ უმსგავსო დანაშაულებრივი პოლიტიკის", - განაცხადა ადა მარშანიამ.

დეპუტატის თქმით, უსამართლობები ყოველ დღე გროვდება, ცინიზმს, თავხედობასა და უნამუსობას პარლამენტში საზღვარი არ აქვს.

"მინდა ვუთხრა ქართული ოცნების ყოფილ თანამებრძოლ ერს და ძველ გვარდიას თქვენი დანამუსების დრო ამ კომისიის შექმნით დამთავრდა", - თქვა ადა მარშანიამ საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე.

ადა მარშანიას თქმით, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი კომისიაში მაშინ დარჩება, თუ მათი ორი ინიციატივიდან დეპუტატები ერთს მაინც გაიზიარებენ.

"ორი წინადადება გვაქვს, რომელიც ალბათ აბსურდულია. იმიტომ რომ აბსურდის თეატრში ვიმყოფებით და არა პარლამენტში. გაფართოვდეს საკითხთა წრე და გამოიძიოს სხვა ცნობილი დანაშაულებები ან პარალელურად შევქმნათ მეორე აბსურდული კომისია, იმიტომ რომ აქ უკვე სერიოზულად საუბარი მიჭირს, რეჟიმის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, ისაუბრონ საკუთარ დანაშაულებებზე და გამოუტანონ საკუთარ თავს ობიექტური განაჩენი ", - განაცხადა ადა მარშანიამ.

მარშანიას გამოსვლას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა, რის შემდეგაც ადა მარშანიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა იმართება. შეხვედრა საორგანიზაციო ხასიათისაა და მოკლე დღის წესრიგი აქვს.