ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე დღეს, 8 ივნისს ზაზა სარალიძეს შეხვდება. დღესვე გაიმართება საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე დეტალურად გაიწერება გრაფიკი და ის თუ რა ფორმატით მოხდება საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული პირების გამოკითხვა. შემუშავებული დღის წესრიგი საბოლოოდ ბიურომ უნდა დაამტკიცოს.

აბესაძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ფართო ჩართულობით იმუშავებს და არ არის გამორიცხული, რომ კომისიაში კითხვებზე პასუხის გასაცემად პრემიერ-მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა თანამდებობის პირები დაიბარონ.

"ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რა გამოიკვეთება საქმის შესწავლისას, თანამდებობის პირები ერეოდნენ თუ არა პროკურატურის საქმიანობაში და რომელი თანამდებობის პირები ცდილობდნენ საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლას", - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უკვე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს.

6 მაისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია დაამტკიცეს. კომისიის არჩევას 95-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 1 იყო.

კომისიის შემადგენლობა 17 წევრით განისაზღვრა. უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეთანხმებით, კვოტების მიხედვით, 9 ადგილი კომისიაში ეკუთვნის უმცირესობას - ევროპულ საქართველოს თავისი ფრაქციებით, ერთი ეკუთვნის პატრიოტთა ალიანსს. კომისიის შემადგენლობაში არ იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.