თბილისის საქალაქო სასამართლომ ნეონაცისტური დაჯგუფება ქართული მარშის წევრების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი ონიანი.

სხვა დაკავებულები, მიხეილ ამისულაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, ოლეგ დანგაძე და ბექა რევაზიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სასამართლომ დღეს ქართული მარშის დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელა.

19 მარტს ნეონაცისტური დაჯგუფების, ქართული მარშის წევრებმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან აქცია გამართეს. მათ მიაჩნიათ, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ მორწმუნეთა "რელიგიურ გრძნობებს" შეურაცხყოფა მიაყენა, როცა 18 მარტს გადაცემა P.S.-ში იესო ქრისტეს ჯვარცმაზე ისაუბრა.

აქციაზე ქართული მარშის წევრებმა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტს დავით ერაძეს სცემეს. მათ რუსთავი 2-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის მანქანას, რომელშიც გიორგი გაბუნიაც იჯდა, ალყა შემოარტყეს. პოლიციამ ქართული მარშის ექვსი წევრი დააკავა. მათ ბრალი ხულიგნობისა და ძალადობის მუხლით წარუდგინეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული მარშის 6 წევრს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რის შემდეგაც მარშის წევრებმა "სასიკვდილო შიმშილობა" გამოაცხადეს.