Homecoming - ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ თრილერს ჯულია რობერტსის მონაწილეობით, რომელზე მუშაობაც Amazon-მა უკვე დაიწყო.

Homecoming-ის სცენარი Mr. Robot-ის შემქმნელ სემ ისმაილს ეკუთვნის და ის Gimlet Media-ს პოდკასტებზეა დაფუძნებული, რომელშიც ჯარისკაცები ყვებიან თუ როგორ ადაპტირდნენ გარემოსთან ომიდან დაბრუნების შემდეგ.

ჯულია რობერტსი პოლიტიკურ თრილერში სამთავრობო აგენტის როლს შეასრულებს, რომელიც ჯარისკაცებს ზედამხედველობას უწევს.

ჯულიას სერიალში პარტნიორობას დერმოტ მალრუნი გაუწევს, რომელიც ჯულიას უახლოესი მეგობარი და ეკრანული მეწყვილეა. მათ ერთად ითამაშეს ფილმებში "ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი" და "აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო".

სერიალის პირველ სეზონში ათი სერია იქნება. ჯულია რობერტსთან და დერმოტ მალრუნთან ერთად კი ახალ შოუში ვიხილავთ: ბობი კანავალე და სტეფან ჯეიმსი.

ახლახან სერიალის გადასაღები მოედნიდან ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ჯულია რობერტსის ცნობა თითქმის შეუძლებელია. როგორც ცნობილია, სპეციალურად ამ როლისთვის მსახიობმა რამდენიმე კილო დაიკლო. გარდა ამისა, შოუში ის პარიკს ატარებს.

სემ ისმაილის პროექტი იქნება პირველი, რომელსაც Universal-ის ახალ პავილიონებში გადაიღებენ, რომელიც უმაღლესი კლასის ტექნიკური ინვენტარით არის აღჭურვილი.

Homecoming პოდკასტების სერია 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა და გამოხმაურება სამთავრობო თუ სამოქალაქო სექტორიდანაც საკმაოდ დიდი იყო.

როგორც ცნობილია, უკვე დამტკიცებულია სერიალის ორი სეზონი.

სემ ისმაილს დრამა რობერტსისთვის მეორე სერიალი იქნება, მსახიობი კიდევ ერთ, HBO-ს ახალ სერიალში, დღეს ყველაფერი შეიცვლება, მთავარ როლს შეასრულებს.