მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში მოქალაქეებმა პრემიერისთვის "ბოტები" მიიტანეს. ეს აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ფეისბუქზე პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე, რომლითაც ის არასამთავრობოებს აკრიტიკებდა, ფეისბუქბოტების Like-ები გაჩნდა.

"ვაპროტესტებთ მთავრობის სამარცხვინო პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებს", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

დღევანდელ აქციას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რომელმაც თქვა, რომ როცა გარკვეული ჯგუფი აფიქსირებს იმ აზრს, რაც მთავრობის პოზიციას არ ემთხვევა, სოციალურ ქსელებში, ამ ჯგუფების "გაშავება" მიმდინარეობს:

"ბოტები - ეს არის ყალბი ანგარიშები. ესენი შეიძლება არც იყვნენ ადამიანები, თუმცა იმისთვის რომ ამ ანგარიშებმა კონკრეტული პოზიცია დააფიქსირონ ფეისბუქზე, ამისთვის ფული იხარჯება. ეს არ არის სწორი პოლიტიკა, როდესაც დაფარული და ყალბი ანგარიშებით ებრძვი განსხვავებულ აზრს".

ამავე თემაზე: