ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე ფეისბუქში ლიფლეტს აქვეყნებს. ამოსაბეჭდად მზა PDF-ში მოკლედაა ჩამოთვლილი ისტორიის მანძილზე, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები.

თევზაძის თქმით, ამ სიის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ინტერნეტში ბათუმში გასაყიდად გამოტანილი სუვენირის ფოტო გავრცელდა, რომელიც საქართველო-რუსეთის მეგობრობის სიმბოლო იყო:

"განვიხილეთ პრო-რუსული გააზრებული თუ გაუაზრებელი პროპაგანდის წინაამღდეგ მოქმედების ერთ-ერთი შესაძლებლობა: ლიფლეტის მომზადება, სადაც აღწერილი იქნებოდა რუსეთის დანაშაულებები საქართველოს მიმართ. [...] გთავაზობთ ლიფლეტის ამობეჭდვას (სამად უნდა გაიკეცოს, რომ ლიფლეტის ფორმა მიიღოს) და მის გავრცელებას ყველგან, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც აშკარაა პრო-რუსული პროპაგანდა. იმედი მაქვს, რომ ამ, ჩვენი ძალების მცირე დანახარჯებით განხორციელებულ ქმედებას, მნიშველოვანი შედეგი ექნება."

ლიფლეტის შაბლონის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ Academia.edu-დან ან ამ ბმულიდან. აქვე გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს:

  1. აღა მაჰმად ხანის ლაშქრობა საქართველოში, 1795 წელს, რუსეთის პროვოცირებით და დაფინანსებით მოეწყო - დაიღუპა 10 ათასამდე ქართველი. 15 ათასი ქართველი ტყვედ წაიყვანეს ირანში;
  2. 1783 წელს, გიორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით, გაუქმდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. საბოლოოდ, 1864 წლიდან 1921 წლამდე, საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში წირვა-ლოცვის ენა, ისევე, როგორც ფორმალური განათლების ენა, რუსული იყო;
  3. რუსეთის იმპერიამ 1801 წელს საბოლოოდ დაიპყრო და გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და რუსეთის გუბერნიად გადააქცია;
  4. რუსეთის იმპერიამ 1810 წელს დაიპყრო და გააუქმა იმერეთის სამეფო;
  5. 1801-დან 1819 წლამდე რუსებმა მთელი საეკლესიო საგანძური წაიღეს რუსეთში. ამას მოჰყვა 1819-1820 წლების საეკლესიო (ე.წ. გურია-იმერეთის) აჯანყება;
  6. 1804-1991 წლებში ქართველების ბრძოლა რუსეთის წინაამღდეგ:
    • 1804 - მთიულეთის აჯანყება;
    • 1810 - იმერეთის აჯანყება;
    • 1812 - კახეთის აჯანყება;
    • 1819 - საეკლესიო აჯანყება;
    • 1829 - გურიის წინაამღდეგობა;
    • 1832 - ქართველი თავადების შეთქმულება რუსეთის წინაამღდეგ;
    • 1834-1859 - სვანეთის, სამურზაყანოს, სამეგრელოს და აფხაზეთის ოკუპაციის წინაამღდეგ ბრძოლა;
    • 1866-1867 - აფხაზების აჯანყება;
    • 1922 წელი - სვანეთის აჯანყება;
    • 1924 წელი - აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინაამღდეგ;
    • 1941 - ანტი-საბჭოთა შეთქმულება;
      საერთო ჯამში, ამ ბრძოლებში რუსეთმა გაანადგურა 100 ათასზე მეტი ქართველი;
  7. 1801-დან 1867 წლამდე რუსებმა დაანგრიეს ყველა ციხე-სიმაგრე, კოშკი და ქალაქის გალავანი, რომელიც არ სჭირდებოდათ საკუთარი გარნიზონის განსათავსებლად;
  8. 1801-დან 1900 წლამდე რუსებმა შეათეთრეს საქართველოს ყველა ეკლესიის კედლები და წაშალეს ფრესკები;
  9. მე-19 საუკუნეში, რუსი დეკაბრისტების გეგმებში, რუსეთის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შედიოდა საქართველოდან ქართველების გადასახლება;
  10. 1921 წლის ხელახალი ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიები გადასცა თურქეთს;
  11. 1924-1941 წლებში რუსეთის მიერ ჩატარებული რეპრესიების შედეგად განადგურდა 270 ათასი ქართველი, ხოლო გადაასახლეს - 200 ათასი ქართველი;
  12. 1962 წელს, სსრკ-ს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, ნიკიტა ხრუშჩოვი აპირებდა ქართველების შუა აზიაში გადასახლებას და საქართველოში რუსების ჩამოსახლებას;
  13. 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას, რუსეთის სამხედროებმა დახოცეს 20 მომიტინგე. ათასამდე ადამიანი მოიწამლა რუსების მიერ გაშვებული მხუთავი გაზით;
  14. 1992-1993 წლებში რუსეთმა განახორციელა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. დაიღუპა 30 ათასი ქართველი და იძულებით გადააადგილებული გახდა 250 ათასი ქართველი;
  15. 2008 წელს რუსეთი, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შემოიჭრა საქართველოში და გააფართოვა დაპყრობილი ტერიტორიების (სამხრეთ ოსეთის მომდებარე) საზღვრები - სამი დღის განმავლობაში დაიღუპა 174 მშვიდობიანი მოქალაქე და საქართველოს 224 ჯარისკაცი.