საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებით, ოლიმპიელებისთვის შეკერილი სამოსის დიზაინი და ესკიზი სამოსელი პირველმა შესთავაზა სპორტსმენებს და ისინი ერთობლივად მივიდნენ გადაწყვეტილებამდე:

"რა თქმა უნდა, სამოსელის პირველს აკისრია პასუხისმგებლობა, რადგან ეს სამოსი და ესკიზები მათმა დიზაინერმა შექმნა".

პრესსამსახურის თქმით, სპორტსმენებისათვის შეკერილი თითო სამოსი 1000 ლარი, ხოლო ქალისა და მამაკაცის წყვილი - 2000 ლარი დაჯდა:

"მთლიანობაში 80 ცალი სამოსი შეიკერა, აქედან 14 - ქალისთვის. სულ არის ორი სხვადასხვა ვარიანტი და იქ რომ ჩავლენ, ტემპერატურის მიხედვით აარჩევენ, თუ რომელი ჩაიცვან".

რიოს ოლიმპიადაზე წარსადგენი ქართველი სპორტსმენების კოსტიუმები ლევან ვასაძის ოჯახის კომპანიას, სამოსელ პირველს ეკუთვნის.

საქართველოს დელეგაციის წევრები რიო დე ჟანეიროში რამდენიმე ნაკადად, 26 ივლისიდან გაემგზავრებიან, რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი დაგეგმილია 2 აგვისტოს 09:30 წუთზე, გახსნის ცერემონიალი კი 5 აგვისტოს სტადიონ მარაკანაზე ჩატარდება.