მის ამერიკას ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კულტურული რევოლუციის ფონზე, სილამაზის კონკურსში დიდი ცვლილებები იგეგმება. მათ შორისაა კონკურსანტების საცურაო კოსტიუმებში შეფასება.

ორგანიზატორების თქმით, მის ამერიკას გამოვლენისას, ჟიურის წევრები აღარ დაეყრდნობიან მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებს. ახალი ფორმატის მიხედვით, კონკურსანტები ჟიურის წინაშე, ბიკინით აღარ წარსდგებიან.

საცურაო კოსტიუმებით გამოსვლის ნაცვლად, კონკურსანტებთან ინტერვიუები ჩატარდება, სადაც ისინი საკუთარ განათლებაზე, მიზნებსა და მის ამერიკას როლზე ისაუბრებენ.

კონკურსში ასევე აღარ იქნება საღამოს კაბების სექცია - ამის ნაცვლად, მონაწილეებს საშუალება ექნებათ ის ჩაიცვან, რაც მათ თავს კომფორტულად აგრძნობინებს და შინაგანი სტილის გამოვლენაში დაეხმარება.

როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი და 1989 წლის მის ამერიკა გრეტჩენ კარლსონი ამბობს, მის ამერიკა უბრალოდ ლამაზი სანახაობა კი არა, ნამდვილი კონკურსი იქნება:

"ჩვენს ქვეყანაში კულტურული რევოლუციაა. ქალები სიმამაცით საუბრობენ საკუთარ უფლებებზე და უამრავ საკითხზე. მის ამერიკა ამ ცვლილებებს უერთდება.

უამრავი გოგო გვეუბნებოდა, რომ კონკურსში მონაწილეობა სურდა, თუმცა არ უნდოდა საცურაო კოსტიუმებითა და მაღალი ქუსლებით შესაფასებლად გამოსვლა. მათ ეს აღარ მოუწევთ. ამიერიდან ისინი ქალების გაძლიერებას შეუწყობენ ხელს, ლიდერის თვისებებზე ისაუბრებენ, აჩვენებენ სამყაროს თავის სულს და არა მხოლოდ გარეგნობას. ახლა ჩვენი კრიტერიუმები ესაა".

კარლსონი სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა და კამპანია #MeToo-ს მხარდამჭერიცაა.

მის ამერიკა 2019 ამერიკულ ტელეარხ ABC-ზე 9 სექტემბერს გავა.