თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროს მემანქანეების გაფიცვის შემდეგ მათი ხელფასების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მერი ამბობს, რომ მათი საშუალო ხელფასი 1 400-დან 1 800-ლარამდეა, მემანქანეები კი ამბობენ, რომ ეს თანხა 1 200-დან 1 400-ლარამდე მერყეობს და საილუსტრაციოდ ბანკიდან ამონაწერებიც გაასაჯაროეს.

ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge

როგორ დათვალეს მემანქანეების ხელფასი - ამ კითხვით On.ge-მ სატრანსპორტო კომპანიას მიმართა.

სატრანსპორტო კომპანიაში განმარტეს, რომ მათ დათვალეს ყოველთვიური ანაზღაურება, კვალიფიკაციის და წელთა ნამსახურების მიხედვით დანამატი, მემანქანის დეპოში დარჩენის შემთხვევაში 10-ლარიანი დანამატი და ღამით მუშაობისთვის 22 საათიდან მატარებლის გაჩერებამდე 20%-იანი დანამატი. გარდა ამისა, ახალი წლისთვის გაცემული "მეცამეტე ხელფასი" და სააღდგომო დანამატი 200 ლარი.

კომპანიაში განმარტეს, რომ 12 თვის განმავლობაში დაჯამებულია ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მონაცემი საშემოსავლო გადასახადის გათვალისიწინებით და ასე გამოთვალეს მემაქანქნის ყოველთვიური ანაზღაურება.

საშემოსავლო გადასახადი დარიცხული ხელფასის 25 პროცენტია. ანუ თუ მემანქანეს ანგარიშზე ერიცხება 1 000 ლარი, მერიამ მიიჩნია, რომ მისი ხელფასი 1 250 ლარია და ეს მონაცემი გაასაჯაროვა.

შესაბამისად, გამოდის, რომ მერის მიერ გასაჯაროებული მონაცემებით, მემანქანეებს არა 1 400-დან 1 800 ლარამდე თანხა ერიცხებათ, არამედ 1 120 ლარიდან 1 440 ლარამდეა.

თბილისის მეტრო მეორე დღეა არ მუშაობს. მეტროს თანამშრომლები ხელფასების ზრდას ითხოვენ, სატრანსპორტო კომპანიასა და მერიაში აცხადებენ, რომ 2019 წლამდე ამ საკითხზე ვერ იმუშავებენ.