ირანი, ევროპის ქვეყნებთან არსებული ბირთვული შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში, თავისი ბირთვული პროგრამის განახლებითა და დაჩქარებული ტემპებით ურანის გამდიდრებით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBС ავრცელებს.

ირანის ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელის, ალი აქბარ სალეჰის განცხადებით, თუკი არსებულ ბირთვულ შეთანხმებას ევროპულ სახელმწიფოებთან საფრთხე შეექმნება, ირანი დაჩქარებული ტემპებით დაიწყებს ცენტრიფუგების და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის წარმოების რაც ურანის გასამდიდრებლად არის საჭირო.

სალეჰის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ხამინეიმ მიიღო და მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუკი შეთანხმება გაუქმდება. მისი თქმით, ურანის გამდიდრებისთვის მათ დაახლოებით ნახევარი წელი დაჭირდებათ.

აღნიშნული ბირთვული შეთანხმება ირანთან დაახლოებით სამი წლის წინ შედგა. შეთანმხებას ხელი ირანის გარდა ექვსმა სახელმწიფომ მოაწერა: გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა და აშშ-მ. შეთანხმებით ირანი იღებდა ვალდებულებას შეეწყვიტა არსებული ბირთვული პროგრამა, რაც სანაცვლოდ მასზე დაწესებული სანქციების ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებდა.

აღნიშნული ხელშეკრულების მიმართ თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი დონალდ ტრამპი. ტრამპის ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირება სწორედ აღნიშნული შეთანხმებიდან აშშ-ს გამოსვლა იყო. გასულ თვეში დონალდ ტრამპმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება და აშშ-მ შეთანმხება დატოვა. ტრამპის გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოყვა როგორც ირანისგან, ასევე, შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნებისგანაც.

შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოები კვლავ შეთანხმების მონაწილეებად რჩებიან, ჯერჯერობით უცნობია მოხერხდება თუ არა აღნიშნული შეთანხმების შენარჩუნება.