არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, პროკურატურა გენდერულ სტატისტიკას არ აწარმოებს. ორგანიზაციის ცნობით, პროკურატურა სტატისტიკურად არ აღრიცხავს, თუ რამდენმა ქალმა შეცვალა ჩვენება ბოლო 5 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისას, რამდენი მათგანი გახდა განმეორებითი ძალადობის მსხვერპლი, ან რამდენი მათგანი ემსხვერპლა.

PHR-ის ინფორმაციით, ორგანიზაციამ პროკურატურას სტამბოლის კონვენციის შესაბამისად სტატისტიკის წარმოების მოთხოვნით მიმართა. პროკურატურამ PHR-ის ადმინისტრაციული საჩივარი და განცხადება არ დააკმაყოფილა.

"განმარტეს, რომ ამ შინაარსის ინფორმაცია სცილდება სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მასშტაბს", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

PHR მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტატისტიკის წარმოებისა და პრობლემების ანალიზის გარეშე, შეუძლებელია ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე საგამოძიებო პროცესის ეფექტურად წარმართვა და ძალადობის აღმოფხვრა.

ორგანიზაციამ მიმართა საქალაქო სასამართლოს დაავალოს საქართველოს პროკურატურას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება და გადმოცემა.