"მეტროს მემანქანეების გადასაწყვეტია რას იზამენ", - ესაა თბილისის მერიის პასუხი კითხვაზე - იმუშავებს თუ არა მეტრო 5 ივნისს. ამის შესახებ მერიის პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს.

On.ge მერიის პრესსამსახურს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მემანქანეებთან შეხვედრის შემდეგ გლდანის დეპო ისე დატოვა, რომ ამ კითხვას არ უპასუხა. თავად მემანქანეები ამბობენ, რომ არ იმუშავებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მათი პროფკავშირების თავმჯდომარე, რატი კაპანაძე გააჟღერებს.

თბილისის მერის, მისი მოადგილისა და მეტროს მემანქანეების შეხვედრა გლდანის დეპოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მერმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მოისმინეს მეტროს თანამშრომლების პრობლემები და მათ აუხსნეს, რომ მერიაში და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არ არსებობს ფინანსური შესაძლებლობა. მემანქანეების თქმით, თბილისი მთავრობა მათ ხელფასის ზრდაზე საუბარს 2019 წლიდან დაპირდა, რაც მათთვის მიუღებელია.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა გუშინ წინ, 2 ივნისს დაიწყეს, რამაც 4 ივნისს, მეტროს პარალიზება გამოიწვია. გაფიცვა ხელფასების ზრდას უკავშირდება. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ, რომ მათი თანამდებობრივი სარგო 45%-ით გაიზარდოს.

კახა კალაძის თქმით კი, მეტროს მემანქანეების პროტესტი მოქალაქეების შანტაჟი და ულტიმატუმებით საუბარია.

სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს.