#აუდიტორია 115 მეტროს მემანქანეებს სოლიდარობას უცხადებს და დღეს, 4 ივნისს 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მერიამდე მსვლელობას გეგმავს, სადაც მათ მემანქანეები შეუერთდებიან. მთავარი მოთხოვნა მემანქანეებისთვის შრომითი პირობების გაუმჯობესებაა.

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დღეში რამდენჯერმე ვმგზავრობთ მუნიციპალური ტრანსპორტით, სოლიდარობას ვუცხადებთ წლების განმავლობაში ჩვენი უსაფრთხო გადაადგილებისთვის მშრომელ, არაადეკვატურად ანაზღაურებადი სამუშაოს შემსრულებელ მემანქანეებს",- წერია განცხადებაში.

აუდიტორია #115-ის თქმით, შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა მეტროს თანამშრომლებს არ ეკისრებათ.

"მოგიწოდებთ, ვაგრძნობინოთ მერიას, რომ შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელნი მაღალი თანამდებობის პირები არიან და არა მეტროს თანამშრომლები",- ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა გუშინ დაიწყეს, რამაც დღეს, 4 ივნისს, მეტროს პარალიზება გამოიწვია. გაფიცვა ხელფასების ზრდას უკავშირდება. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ, რომ მათი თანამდებობრივი სარგო 45%-ით გაიზარდოს.