მეტროს მემანქანეები თბილისის მერის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მას ინფორმაცია არ აქვს მემანქანეების პრობლემებზე. ისინი სთვაზობენ მერს ადგილზე მისვლას და შეხვედრას.

"მოსახლეობას, რომელსაც წლების განმავლობაში ვემსახურებით არანაირი შანტაჟის ენით არ ველაპარაკებით, პირიქით ვთხოვთ ჩვენს გვერდში დგომას. არანაირი 1800 ლარი ხელფასი მემანქანეს არ აქვს", - განაცხადა ერთობა 2013-ის წარმომადგენელმა.

მათივე თქმით, ისინი სასამართლო გადაწყვეტილებას არ არღვევენ და გაფიცვა არასამუშაო დროის დაიწყეს, მაგრამ უძინარი და მოშიმშილე მემანქანე ვერ დაჯდება მართვის პულტთან და პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ათასობით ადამიანზე.

დღეს, 4 ივნისს თბილისსი მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მეტროს მემანქანეების პროტესტი მოქალაქეების შანტაჟი და ულტიმატუმებით საუბარია. კალაძემ წარადგინა ბანკის ამონაწერი, რომელიც მათი თქმით ასახავს მეტროს მემანქანეების ხელფასს და ის გაცილებით მეტია ვიდრე პედაგოგების, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ხელფასები.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მეტროპოლიტენის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა გუშინ დაიწყეს, რამაც დღეს, 4 ივნისს, მეტროს პარალიზება გამოიწვია. გაფიცვა ხელფასების ზრდას უკავშირდება. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ, რომ მათი თანამდებობრივი სარგო 45%-ით გაიზარდოს.

მემანქანეების გაფიცვის უფლება თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სასამართლოში ორჯერ გაასაჩივრა. სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, მემანქანეებს გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდათ. ამის მიუხედავად მეტრო გაფიცულია.

სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს.