თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მეტროპოლიტენის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

ამის შესახებ მერის მოადგილემ ჟურნალისტებს კახა კალაძის ბრიფინგის შემდეგ განუცხადა.

"რა თქმა უნდა, შესაძლოა, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ეს არის სამართლებრივი საკითხი. მათი მხრიდან დარღვეულია კომპანიის შინაგანაწესი, კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, იქნება ეს დისციპლინური პასუხისმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა ღონისძიებები, ამას ცოტა მოგვიანებით გაცნობებთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

ირაკლი ხმალაძის თქმით, მეტროპოლიტენის თანამშროლები აუცილებლად განაახლებენ მუშაობას.

"ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ, რომ სამართლის და კანონის ჩარჩოებში ჩავჯდეთ. დავუბრუნდეთ ყველა იმ მოვალეობის შესრულებას, რასაც კანონი და ქალაქის ინტერესები გვავალდებულებს", - განაცხადა ხმალაძემ.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა გუშინ დაიწყეს, რამაც დღეს, 4 ივნისს, მეტროს პარალიზება გამოიწვია. გაფიცვა ხელფასების ზრდას უკავშირდება. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ, რომ მათი თანამდებობრივი სარგო 45%-ით გაიზარდოს. მემანქანეების გაფიცვის უფლება თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სასამართლოში ორჯერ გაასაჩივრა. სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, მემანქანეებს გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდათ. ამის მიუხედავად მეტრო გაფიცულია. სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო საზოგადოებrივი ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს.