თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მგზავრთა გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით 2 დროებითი მარშრუტი იმოძრავებს.

ერთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ ვარკეთილიდან მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე - მეტროსადგურ ახმეტელიდან გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე.

მერიის ცნობით, ეს ავტობუსები, სხვა მუნიციპალური ავტობუსების მსგავსად, მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა გუშინ დაიწყეს, რამაც დღეს, 4 ივნისს, მეტროს პარალიზება გამოიწვია. გაფიცვა ხელფასების ზრდას უკავშირდება. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ, რომ მათი თანამდებობრივი სარგო 45%-ით გაიზარდოს. მემანქანეების გაფიცვის უფლება თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სასამართლოში ორჯერ გაასაჩივრა. სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, მემანქანეებს გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდათ. სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს.