თბილისის მეტროს გაფიცული თანამშრომლები დედაქალაქის მერის იმ განცხადებას პასუხობენ, სადაც კახა კალაძემ მეტროს მემანქანეები შანტაჟი დაადანაშაულა. მემანქანეები ამბობენ, რომ თბილისის მერი მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

მეტროს თანამშრომლები მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ისინი მერიის მიერ ხელფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მემანქანის ხელფასი არა 1800 ლარს, არამედ 1200 ლარს შეადგენს.

"ჩვენ არ ვსაუბრობთ შანტაჟის ენით, ჩვენ ყოველ წუთს და ყოველ წამს მზად ვართ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დათმობაზეც წავიდეთ. არ ვცდილობთ საზოგადოებისთვის პრობლემების შექმნა, ყოველთვის ვითხოვდით, რომ ხელფასიდან დანამატის თანხა გამონახული ყოფილიყო შეეზღუდათ თავისთვის დანამატები პრემიები და იმ თანხებიდან მომხდარიყო ხელფასის გაზრდა.

ჩვენი ხელფასი თურმე ყოფილა 1400 დან 1800 ლარამდე. მემანქანის ხელფასი არის 1093 ლარი პლუს დანამატი 55 ლარი მავნე პირობებისთვის და ღამის მოცდენის საათები 31.60 ლარი, რაც გამოდის ხელზე ასაღები თანხა 1200 ლარამდე", -აცხადებს მეტროს მემანქანე ნუგზარ გაგუა.

მემანქანეები აცხადებენ, რომ მათ არც მგზავრობის საფასურის გაზრდა მოუთხოვიათ.

მეტროს თანამშრომლების განცხადებით, ისინი ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას და 2013 წლის სახელფასო ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.

"ვითხოვთ ხელფასის იმ ნიშნულზე დაყენებას რაც იყო 2013 წელს, მოხდა ინფლაცია გაუფასურება და ეს არ არის ხელფასის მატება", - აცხადებს მეტროს თანამშრომელი ხათუნა ჩიტიაშვილი.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა გუშინ დაიწყეს, რამაც დღეს, 4 ივნისს, მეტროს პარალიზება გამოიწვია. გაფიცვა ხელფასების ზრდას უკავშირდება. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ, რომ მათი თანამდებობრივი სარგო 45%-ით გაიზარდოს. მემანქანეების გაფიცვის უფლება თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სასამართლოში ორჯერ გაასაჩივრა. სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, მემანქანეებს გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდათ. ამის მიუხედავად მეტრო გაფიცულია. სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო საზოგადოებrივი ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს.

თბილისის მერის შეფასებით, მეტროს მემანქანეების გაფიცვა, მოქალაქეებისა და მერიის შანტაჟია. მისივე თქმით, მეტროს მემანქანეების ხელფასი 1 400-დან 1 800-მდე მერყეობს.