თბილისში მეტრო არ მუშაობს. ამ ეტაპზე უცნობია როდის აღდგება მუშაობა. მეტროს პარალიზების გამო უფასოა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა ავტობუსები გადავსებულია და ქალაქში გადაადგილება შეფერხებულია.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა გვიან ღამით, მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყეს. მათ სასამართლომ გაფიცვა სამუშაო საათებში აუკრძალა და ამ მიზეზით არასამუშაო საათები შეარჩიეს.

როგორც მეტროს პროფკავშირების, ერთობა 2013-ის თავმჯდომარემ, კაპანაძემ თქვა, მათი მუშაობის წესით, მეტროს მემანქანემ დღე-ღამეში მინიმუმ 12 საათი უნდა დაისვენოს, რომ მეორე დღეს მატარებლის მართვა შეძლოს, სხვა შემთხვევაში უფლება არ აქვს.

"თანამშრომლებს, რომლებიც ვმუშაობდით, სასამართლოს განჩინებას ვემორჩილებით და რადგან სამუშაო საათებში შეზღუდული გვაქვს გაფიცვა, ვიფიცებით არასამუშაო დროს. ხვალ ვერ გავაგრძელებთ მუშაობას, რადგან დასვენების საათები გამოვიყენეთ გასაფიცად", - უთხრა On.ge-ს კაპანაძემ, რომელიც, ამავდროულად, მეტროს მემანქანეა.

On.ge სამომავლო გეგმებზე თბილისის სატრანსპოტო კომპანიისგან პასუხს ელოდება.

მემანქანეთა გაფიცვა

შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება "სამუშაო საათების განმავლობაში".