თბილისის მეტროს მემანქანეები ამ წუთებში გაფიცულები არიან. როგორც მათი პროფკავშირების ერთობა 2013-ის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ უთხრა მეტრი 4 ივნისს არ იმუშავებს.

"როგორი საგაფიცო პერიოდიც შემოგვთავაზა მოსამართლემ, იმ საგაფიცო პერიოდში ვართ", - ამბობს კაპანაძე.

როგორც კაპანაძე ამბობს, მათი მუშაობის წესით, მეტროს მემანქანემ დღე-ღამეში მინიმუმ 12 საათი უნდა დაისვენოს, რომ მეორე დღეს მატარებლის მართვა შეძლოს, სხვა შემთხვევაში უფლება არ აქვს.

"თანამშრომლებს, რომლებიც ვმუშაობდით, სასამართლოს განჩინებას ვემორჩილებით და რადგან სამუშაო საათებში შეზღუდული გვაქვს გაფიცვა, ვიფიცებით არასამუშაო დროს. ხვალ ვერ გავაგრძელებთ მუშაობას, რადგან დასვენების საათები გამოვიყენეთ გასაფიცად", - უთხრა On.ge-ს კაპანაძემ, რომელიც, ამავდროულად, მეტროს მემანქანეა.

როგორც ერთობა 2013 ავრცელებს ინფორმაციას, იმ მემანქანეებს, რომლებსაც დილამდე დასვენების დრო აქვთ, დეპოს დატოვების საშუალებას არ აძლევენ.

"ხვალ დილამდე აქვთ დასვენების საათები, უკრძალავენ დეპოს ტერიტორიის დატოვებას... ღამის ცვლის დროს, დასვენების საათებში დეპოს ტერიტორიის დატოვება არასდროს არ წარმოადგენდა პრობლემას, თუმცა დღეს, როგორც ჩანს, ყველა გზით ცდილობენ, რომ ჩაახშონ და ხელი შეუშალონ გაფიცვის წარმოებას", - აცხადებენ პროფკავშირებში.

On.ge ამ საკითხზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან დაკავშირებას ცდილობს.

მემანქანეთა გაფიცვა

შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება "სამუშაო საათების განმავლობაში".