სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასა და დღეს, 3 ივნისს ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრიფინგს მართავს.

ლომჯარია გამოეხმაურა პარლამენტთან დაწყებულ ზაზა სარალიძის ძებნას და განაცხადა, რომ სარალიძე უსაფრთხოდაა. მისი თქმით, თუ სარალიძეს ექნება სურვილი თავად იტყვის სად იმყოფება. მისივე თქმით, არ იცის შეუერთდება თუ არა სარალიძე რომელიმე აქციას.

On.ge-ს კითხვაზე, რატომ დატოვა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე აქცია, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სარალიძე არის გადაღლილი და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და აქციის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო

ლომჯარიამ ისაუბრა იმაზეც, რომ ომბუდსმენის აპარატი ხვალიდან დაიწყებს ხორავას საქმეზე მომხდარი გამოძიების მონიტორინგს და ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდის საზოგადოებას. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან აქამდე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალებიც გამოითხოვეს.

ზაზა სარალიძე დღეს, 3 ივნისს, ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე მივიდა. სარალიძეს აქტივისტებმა მოუწოდეს უარი ეთქვა პოლიტიკურ პარტიებთან კავშირზე და რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

სარალიძემ აქცია სახალხო დამცველთან ერთად დატოვა და განაცხადა, რომ სახლში მიდიოდა. მისი თქმით, ვერც ამ აქციაზე დაინახა ერთობა და დაბრუნდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა იქ უბრალო ხალხი დახვდებოდა.

სარალიძის და ომბუდსმენის გასვლას ხმაური მოყვა. აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ლომჯარიას.

ამავე თემაზე:

ვაშაძე: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ინფორმაციას - სად იმყოფება ზაზა სარალიძე