თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობა შვილმკვდარი მამის, ზაზა სარალიძის თავისი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს. ასე გამოეხმაურა ელისაშვილი პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას სარალიძის საქმეზე.

"ყველამ დავინახეთ რომ ნაციონალური მოძრაობა აშკარად ცდილობს ზაზა სარალიძის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას და ცდილობს რევოლუციის მცდელობას. რითაც ახდენს ბოლო დღეების მოვლენების მარგინალიზებას და რაც მთავარია ამით უზარმაზარ საჩუქარს უკეთებს ქართულ ოცნებას", - აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი ფეისბუქზე.

მისი თქმით, ახლა შანსია რეალურად დაიწყოს ძალადობრივი სისტემის დაშლა იმით, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ხელისუფლებამ დამოუკიდებელი კანდიდატებიდან ერთ-ერთი ანა დოლიძე, შალვა შავგულიძე, ლია მუხაშავრია ან ანა ნაცვლიშვილი დანიშნოს.

"წარმოიდგინეთ დამოუკიდებელი, საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე მთავარი პროკურორი! ეს იქნება რეალური და ყველაზე ეფექტური მიღწევა ამ ეტაპზე", - წერს ელისაშვილი.

მისი თქმით, თუ დამოუკიდებელი მთავარი პროკურორი არ დაინიშნა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების წყალობით, ქართული ოცნება თავს დაიძვრენს.

"კიდევ ერთხელ მივმართავ ზაზა სარალიძეს, როგორც მოქალაქე მოქალაქეს, როგორც მშობელი მშობელს - ეს არის თქვენი ბრძოლა და თუ გსურთ რეალური შედეგი - მკვლელების დასჯა, სისტემის დანგრევა - მოითხოვეთ მთავარ პროკურორად დამოუკიდებელი ადამიანი. ნუ, აყვებით სააკაშვილის რევოლუციობანას. ეს წყალში ჩაყრის ყველაფერს. ვფიცავარ ჩემი შვილების სიცოცხლეს მე მალაპარაკებს მხოლოდ თქვენი გულწრფელი მხარდაჭერა, მალაპარაკებს მხოლოდ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის სურვილი. მზად ვარ მოვიდე და დაგელაპარაკოთ პირადად ამ ყველაფერზე სადაც მეტყვით", - აღნიშნავს ელისაშვილი, რომელმაც მანამდე აღნიშნა, რომ სარალიძესთან შეხვედრა უნდა, თუმცა ის არც ადგილზე დახვდა და არც ტელეფონი აქვს ჩართული.

გაიგეთ მეტი სარალიძის საქმეზე განვითარებული მოვლენების შესახებ.