"აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე!" - ამ სახელწოდების აქციაა დაგეგმილი დღეს, 3 ივნისს თბილისში, ვაკის პარკში. აქცია ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად იმართება.

აქციის აღწერილობაში წერია, რომ აქცია რიგითი მოქალაქეებისთვისაა, რომლებიც არ არიან პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები.

"ძვირფასო მეგობრებო, ნათლად ჩანს, რომ მიმდინარე აქციებით პოლიტიკური ჯგუფები სარგებლობენ და პროცესები არასწორი დინებით მიჰყავთ. აქედან გამომდინარე, მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ და არ გავდივართ ამ აქციაზე. ჩვენი ინიციატივაა, შევიკრიბოთ და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი აზრი, პოლიტიკური სარჩულებისა და ვინმესთვის სარგებლის მოტანის გარეშე. ჩვენ შვილმოკლული ოჯახების გვერდით ვართ, სწორედ ამ თანადგომის გამოსახატად, ვაპირებთ შევიკრიბოთ ვაკის პარკში, რათა ჩვენი ხმა ყველგან ისმოდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 2 ივნისს, გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაში პოლიტიკოსებიც ერთვებიან.