პოლიტიკური პარტია გირჩი აცხადებს, რომ არ ჩაერთვება გაერთიანებული ოპოზიციის აქციაში ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად. როგორც On.ge-ს გირჩში უთხრეს, პარტიას გაცხადებული აქვს პოლიტიკა, რომ არანაირ გაერთიანებაში არ შევა - "რადგან არ არსებობს და შეუძლებელია არსებობდეს რაიმე ღირებულებითი თანხვედრა არსებულ პოლიტიკურ სპექტრთან."

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ის რაც რუსთაველის გამზირზე მოხდა არის იაფი და უღირსი სპექტაკლი:

"ჩვენ არ ვაპირებთ ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას...

იქ შეკრებილი პარტიები აკეთებენ იგივეს, რასაც წინა ხელისუფლების დროს აკეთებდა მაშინდელი ოპოზიცია - უმძიმეს ადამიანურ ტრაგედიებს იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის."

გირჩის განცხადებით, არ არსებობს პოლიტიკური მიზანი, რომლისთვისაც წავლენ ასეთ კომპრომისზე საკუთარ სინდისთან.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის აქციას შეუერთდა ნაციონალური მოძრაობა, ახალი საქართველო, ეროვნულ დემოკრატიული პარტია და სახელმწიფო ხალხისთვის. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ ჯერ კონსულტაციებს გადიან.

2 ივნისს, საღამოს, პარლამენტთან აქციის დასასრულს დაპირისპირება დაიწყო. ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ ის მოკლული დათო სარალიძისთვის ბრძოლას გაგრძელებდა მამამისთან ერთად ან მის გარეშე. მისი თქმით, რჩებოდა სარალიძის მეგობრად, მაგრამ არა თანამებრძოლად. მან მოუწოდა ოპოზიციას გაერთიანებისკენ, რის შემდეგაც ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ოფისში პარტიებთან შესახვედრად წავიდა.

მოგვიანებით, სარალიძემ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი და კუპრავას დაპირისპირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სარალიძემაც მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისა და სისტემის ჩამოშლისაკენ.

აქცია #ნუმომკლავ მეოთხე დღეა მიმდინარეობს. ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამამ არაერთხელ მიმართა საზოგადოებას და სთხოვა მისი შვილის სიკვდილის პროტესტზე პოლიტიკურად მართული არ ეწოდებინათ.