ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ ის იქამდე დარჩება ზაზა სარალიძის გვერდით, სანამ სამართლიანობა არ აღდგება.

მაჩალიკაშვილის თქმით, მასაც იგივე ტკივილი აქვს, რაც ზაზა სარალიძეს და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

"მე გუშინაც განვაცხადე და დღესაც განვაცხადებ, რომ მე ორჯერ მომიკლეს შვილი, ეს დუნია ასეთია, ვიღაცები კვდებიან, ვიღაცები მოდიან. მე ჩემი შვილის სიკვდილის არ მეშინოდა არასდროს, იმიტომ რომ ხალხი იხოცება მუდმივი არავინ არ არის, მაგრამ ჩემი შვილის ასეთი სისასტიკით მოკვლა, საწოლში ჩაცხრილეს. ისიც არ იკმარეს და სუს-ში მყოფებმა ტერორიზმში დაადანაშაულეს. მისი ტერორიზმში დადანაშაულება უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე მისი სიკვდილი", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, ეს სუს-ის თამაში.

"ორმაგი თამაში ითამაშეს, ერთი კურდღელი მოკლეს, მაგრამ ძალიან ცუდად გაატყავეს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია განახლდა. აქციის მთავარი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა, სამართლიანობის აღდგენა და ხორავას ქუჩის საქმეზე მტკიცებულებების და დამნაშავეების დამალვაში მონაწილე პირების დასჯა.

გუშინ, 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს და განზრახ მკვლელობიდან, მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ზაზა სარალიძემ პროკურატურასთან აქცია გამართა და შოთაძის გადადგომა და საქმეში გარეული პირების დასჯა მოითხოვა. რამდენიმე საათში ირაკლი შოთაძე გადადგა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართლის დაუსრულებელ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იქმნება. პრემიერმა კი განაცხადა, რომ საქმეს შსს უკან იბრუნებს და გამოძიება განახლდება.