შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, კრიმინალური პოლიცია იძიებს ხორავას ქუჩის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.

ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, გამოძიების მიზანია დაადგინოს ის შესაძლო პირები, რომლებიც მუდმივად ფარულად ცდილობდნენ ფაქტების, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.

"არსებობს ეჭვი, რომ ისინი ცდილობდნენ გამოძიების ვერსიის დანგრევას და გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირის და სამართლებრივი პროცედურები გრძელდება.

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს ყველა იმ პირს, რომლებმაც ამ უმძიმესი დანაშაულის სასამართლო განხილვის შედეგებზე პირდაპირ ან ირიბად მოახდინეს გავლენა", - განაცხადა ბორცვაძემ.