პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ის აქციაზე პირადად მივიდა იმისათვის, რათა გარდაცვლილის მამა, ზაზა სარალიძე ენახა.

პრემიერის განცხადებით, მას აქციაზე აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად შეხვდა, თუმცა მისივე თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მცირე ჯგუფმა არ მისცა საშუალება ბოლომდე გაეჟღერებინა განცხადება:

"ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა იქ მდგომმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ პოზიტიურად მიიღო. მე ყოველთვის ვიდექი ჩემი ხალხის გვერდით, ამის გამო გადავწყვიტე აქციაზე მისვლა, რათა პირველ რიგში, მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან. გავაკეთე ეს, მიუხედავად იმისა, აბსოლუტურად ყველა მეუბნებოდა რომ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი".

პარლამენტის წინ მისულ პრემიერს აქციის მონაწილეებმა ბოთლები დაუშინეს. ისინი სკანდირებდნენ "წადი". პრემიერს რამდენიმე წუთის განმავლობაში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს, რის გამოც მან სიჩუმე მოითხოვა. დაცვამ ის უკან გაიყვანა.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს მთავრობა. მათ პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ შეუერთდეს აქციას და გადაააყენოს მთავრობა.