პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გიორგი კვირიკაშვილი მივიდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "წადი". პრემიერს რამდენიმე წუთის განმავლობაში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა, რის გამოც მან სიჩუმე მოითხოვა და აქციის მონაწილეებს სთხოვა საუბრის საშუალება მიეცათ. აქციის მონაწილეებმა პრემიერს ბოთლები ესროლეს, რის შემდეგაც ის დაცვამ უკან გაიყვანა.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს მთავრობა. მათ პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ შეუერთდეს აქციას და გადაააყენოს მთავრობა.

დღეს, 31 მაისს ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე სასამრთლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პროკურატურასთან აქცია დაიგეგმა, რომელმაც პარლამენტთან გადმოინაცვლა მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე გადადგა.

აქციაზე #ნუმომკლავ ითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებიც, მათი აზრით, ხორავას ქუჩის საქმის ფალსიფიცირებაში მონაწილეობდნენ.

დემონსტრანტებმა სხვა მოთხოვნებიც წამოაყენეს. მათ ხელისუფლებას ათ სააათამდე მისცეს ვადა იმისთვის, რომ მირზა სუბელიანი დააკავონ. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამტკიცებს, რომ მირზა სუბელიანს საქმესთან კავშირი აქვს და ის ხელს აფარებდა ბრალდებულებს.