პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე #ნუმომკლავ ახალი მოთხოვნები აქვთ. დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ათ სააათამდე მისცეს ვადა იმისთვის, რომ მირზა სუბელიანი დააკავონ. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამტკიცებს, რომ მირზა სუბელიანს საქმესთან კავშირი აქვს და ის ხელს აფარებდა ბრალდებულებს.

აქციაზე ითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებიც, მათი აზრით, ხორავას ქუჩის საქმის ფალსიფიცირებაში მონაწილეობდნენ. მათივე თქმით, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომა არაფერს ნიშნავს.

აქციის მოთხოვნებია გადადგეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, მოსამართლე ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიხეილ ჩინჩალაძე. მათ, ასევე, მოითხოვეს სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადაყენება.

დღეს, 31 მაისს ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე სასმართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პროკურატურასთან აქცია დაიგეგმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. კერძოდ, მუხლი განზრახ მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა. დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და დაკავებულს ედავებიან მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას.