ზაზა სარალიძის მხარდამჭერები პროკურატურიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიიწევენ. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი იუწყება სოლიდარობის ნიშნად გზაზე ავტომობილებილები ჩერდებიან და საყვირის ხმები ისმის. სარალიძის თქმით, მთავარი პროკურორის გადადგომა არაფერს ნიშნავს.

"ერთი ადამიანის გადადგომა არაფერს შეცვლის, სისტემა უნდა დაინგრეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რამდენიმე წუთის წინ გადადგა.

"პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დღეს, 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. კერძოდ, მუხლი განზრახ მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა.

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და დაკავებულს ედავებიან მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას.

საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს არ იზიარებს და პროკურატურა მას გაასაჩივრებს. პროკურატურა გეგმავს საქმეში შვეიცარიელი ექსპერტები და უცხოელი, ცნობილი პროკურორები ჩართონ.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართლის დაუსრულებელ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იქმნება.