ალბათ იტყვით, რომ მსგავსი რამ უკვე მოგისმენიათ, სათვალეებიან "ნერდებზე", მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე კვლევას ეხება, რომელიც ედინბურგის უნივერსიტეტმა ჩაატარა. მისი შედეგების მიხედვით, ჭკვიანი ადამიანების 30%-ს ცუდი მხედველობის გამომწვევი გენები აქვს.

ასე რომ, თუ სათვალეს ატარებთ, კარგი ამბავი გვაქვს: თქვენ, შესაძლოა, საშუალო სტატისტიკური ადამიანზე ბევრად ჭკვიანი იყოთ. კვლევა, რომელიც ამას მონაცემებით ამყარებს, ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

კვლევის მეთოდოლოგია ამ დებულებას კიდევ უფრო ამყარებს. ესაა ერთ-ერთი უდიდესი კვლევა. ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს 300 486 ადამიანის კოგნიტური და გენეტიკური მონაცემები. ცდის პირების ასაკი 16-დან 102 წლამდე იყო.

შეგროვებული მონაცემები დიდ ბრიტანეთში მდებარე ბიობანკში განთავსდა. მათი ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ, გენეტიკურად გადადის მთავარი კოგნიტური ფუნქციები, რექციულობის სისწრაფე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები - მათ შორის, ცუდი მხედველობა. უფრო ზუსტად კი, იმ ადამიანების თითქმის მესამედს, რომლებიც სხვებზე ჭკვიანები იყვნენ, ჰქონდათ გენები, რომლებმაც გამოიწვიეს სათვალის ტარების საჭიროება.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა. სიჭკვიანე მხოლოდ ცუდ მხედველობასთან არაა კავშირში. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კოგნიტური ფუნქციები უარყოფით კორელაციაშია ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა ანგინა, ფილტვების კიბო და დეპრესია.

თუ გენეტიკას თავს დავანებებთ და ძველ კვლევებს მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ სათვალის ტარებით [თუნდაც არ გჭირდებოდეთ] გარშემომყოფებზე ჭკვიანი, სანდო, პატიოსანი და დამოუკიდებელი ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებთ. სწორედ ამიტომ, ადვოკატების დიდი ნაწილი, ბრალდებულებს ურჩევენ, რომ სასამართლოზე სათვალით წარდგნენ.

"სათვალე ადამიანის გარეგნობას სანდომიან და მშვიდ ელეფრს ჰმატებს. ბრალდებულები აღარ აღიქმებიან იმ ადამიანებად, რომლებიც დანაშაულის ჩადენას შეძლებდნენ. მქონია შემთხვევები, როცა ყოფილა მრავალი მტკიცებულება, მაგრამ ჩემს კლიენტს სათვალე გაუკეთებია და უდანაშაულოდ უცნიათ. ეს უდიდეს, აუხსნელ დამცავ მექანიზმს ქმნის", - ამბობს ნიუ-იორკელი იურისტი NY Magazine-თან ინტერვიუში.

თანამედროვე ადამიანების ნაწილი სათვალეს, როგორც ინტელექტუალობის სიმბოლოს, ისე იყენებს. ის მოდურ აქსესუარად იქცა. მოდის ჟურნალი GQ გააკრიტიკეს, რადგან თავის მოდელებს, იმიჯისთვის, ყალბ სათვალეებს უკეთებდა. თუმცა ამას ცნობილ ადამიანებზე დიდად არ უმოქმედია.