ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქციაზე პირველი ლედი მივიდა. მაკა ჩიჩუამ განაცხადა, რომ აქციაზე მივიდა როგორც დედა და საქართველოს მოქალაქე:

"ამ უსამართობის განცდამ მოიცვა საქართველო. ტელევიზორთან ვუყურებდი და ვერ გავძელი. დუშეთიდან ჩამოვედი. მე ვარ იმ ადამიანების გვერდით და პირველ რიგში თქვენს გვერდით [ზაზა სარალიძე], ვინც ამხელა ტრაგედიის მსხერპლია".

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. ის მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. კერძოდ, მუხლი განზრახ მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა.

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და დაკავებულს ედავებიან მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას.

საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს არ იზიარებს და პროკურატურა მას გაასაჩივრებს. პროკურატურა გეგმავს საქმეში შვეიცარიელი ექსპერტები და უცხოელი, ცნობილი პროკურორები ჩართონ.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართლის დაუსრულებელ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იქმნება.