თბილისში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო და მკითხველები ექსპო ჯორჯიაში იკრიბებიან, რათა სხვადასხვა გამომცემლობის მიერ გამოცემული ახალი წიგნები შეიძინონ. წიგნის ფესტივალი ლიტერატურის მოყვარულთათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან მათ დიდი ფასდაკლებებით შეუძლიათ შეიძინონ უახლესი წიგნები, გაეცნონ კატალოგებს, შეხვდნენ საყვარელ ქართველ მწერლებს, გამომცემლებს, კრიტიკოსებს და სახლში მნიშვნელოვანი შენაძენით დაბრუნდნენ.

წელს გამომცემლობების სტენდებზე არაერთ განსაკუთრებულ წიგნს შეხვდებით და ლოგიკურია, რომ არჩევანის გაკეთება ძალიან გაგიჭირდებათ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ დაინტერესებული მკითხველებისთვის საქმე გაგვეადვილებინა და რჩევა იმ ადამიანებისთვის გვეკითხა, რომლებიც ბევრს კითხულობენ.

სხვა შუადღის ერთ-ერთი რუბრიკის, "ლიტერატურული სამკუთხედის" წამყვანსა და სერიალ ჩემი ცოლის დაქალების სცენარისტს ქეთი დევდარიანს თავისი ფავორიტი ავტორები ჰყავს, რომელთა წიგნებს ამ ფესტივალზე შეიძენს. მისი ათეული ისეთი მწერლებისგან შედგება, რომლებმაც მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს.

1. ანდრეი პლატონოვი – "ჩევენგური", "ქვაბული" და "ჯანი" (ინტელექტი)

ფოტო: ინტელექტი

ანდრეი პლატონოვი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რუსი ეგზისტენციალისტი მწერალი და პოეტია. მიუხედავად იმისა, რომ პლატონოვი კომუნისტი იყო და რევოლუციურ იდეებს მხარს უჭერდა, მისი ნაწარმოებები საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ პლატონოვი ღიად აკრიტიკებდა სტალინისტურ რეფორმებს და ინდიფერენტული იყო კოლექტივისტური იდეების მიმართ. 1930-იან წლებში პლატონოვი მიხაილ ლიფშიცთან და უნგრელ ფილოსოფ ჯორჯ ლუკაშთან ერთად, რუსულად გამოსცემდა ჟურნალს "ლიტერატურული კრიტიკა", თუმცა სტალინის ხელისუფლებამ ჟურნალი 1940 წელს დახურა.

ანდრეი პლატონოვს პოლიტიკურ-დისტოპიური რომანებისა და წერის სტილის გამო, ინგლისელი კრიტიკოსები დღემდე "ინგლისელ ჯორჯ ორუელს" უწოდებენ. მისი წიგნი "ჩევენგური", "ქვაბული" და "ჯანი" ავტორის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია.

2. მარგარეტ ეტვუდი - "ორიქსი და კრეიკი" (წიგნები ბათუმში)

ფოტო: წიგნები ბათუმში

კანადელი პოეტი და მწერალი ქართველი მკითველისთვის უკვე კარგად ნაცნობია. გამომცემლობამ წიგნები ბათუმში მარგარეტ ეტვუდის მორიგი წიგნი გამოსცა, რომელსაც ორიქსი და კრეიკი ჰქვია.

"მარგარეტ ეტვუდის ეს ერთდროულად საზარელი და უმშვენიერესი რომანი არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მასში სამყაროს მომავალია აღწერილი. ეს უკვე დაწყებული პროცესების ლოგიკური დასასრულია, ის, რაც მოხდება, თუ სამყარო განვითარების კუ­რსს არ შეიცვლის", - ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში.

3. ფრიდრიხ დიურენმატი - "მინოტავრი. დავალება" (დიოგენე)

ფოტო: დიოგენე

ცნობილი შვეიცარიელი მწერლის მორიგი წიგნი, რომელიც ორ ნაწარმოებს აერთიანებს, გამომცემლობა დიოგენემ გამოსცა. ფსიქოლოგიური დეტექტივების მოყვარულთათვის ეს წიგნი ნამდვილი აღმოჩენა იქნება, ჩახლართული სცენარისა და მომხიბვლელი წერის სტილის გამო.

"დრამატული ბალადა "მინოტავრი" არის სევდიანი ამბავი ურჩხულზე, რომელიც მინის კედლებიან ლაბირინთში გამოკეტეს და რომელიც ცდილობს, გარშემო არეკლილ უთვალავ ორეულთან დაამყაროს ურთიერთობა. "დავალება, ანუ დამკვირვებლების დამკვირვებლის დაკვირვება“ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დეტექტივია, სადაც სიუჟეტი უცნაური შემთხვევითობებისა და გასაოცარი დამთხვევების ფონზე ვითარდება. ამ სამყაროში არავინ არავის ენდობა. აქ ყველა ყველას და ყველაფერს აკვირდება. იმარჯვებს ის, ვინც ცდილობს, ძალადობის, ტყუილის, საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის მექანიზმის ახსნას, ვინც მოვლენების კულისებში იხედება და მათ იდუმალების ნიმბს აშორებს", - წერია წიგნის ანოტაციაში.

4. იოზეფ როთი - "რადეცკის მარში" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ცნობილი ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი, მოსე იოზეფ როთი (1894-1939) გალიციის პატარა ქალაქ ბროდიში ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1918 წელს მან "წითელი იოზეფის" ფსევდონიმით დაიწყო სტატიების გამოქვეყნება. როგორც ჟურნალისტი, მოღვაწეობდა ბერლინსა და პარიზში.

ნობელიატი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას აზრით, „რადეცკის მარში“ საუკეთესო პოლიტიკური რომანია, რაც კი ოდესმე დაუწერიათ“.

5. აკა მორჩილაძე - "კუპიდონი კრემლის კედელთან" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობ

აკა მორჩილაძის ახალი წიგნი უკვე შეფასდა, როგორც მწერლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი.

"იმას, რაც თბილისიდან კრემლისკენ მიმავალი მატარებლის "მეჟდუნაროდნი“ ვაგონში ხდება, არათუ საბჭოთა, ალბათ ვერც თანამედროვე კინოს მესვეურები გადაიღებენ კომედიად, ვინაიდან ეს საოცარი ამბავი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ტრაგედია უფროა. საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი "მკვლევრის" პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს იმ ეპოქას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო სტალინურ რეჟიმად იცნობს", - წერია წიგნის ანოტაციაში.

6. ნიკოს კაზანძაკისი - "ალექსის ზორბასის ცხოვრება" (დიოგენე)

ფოტო: დიოგენე

დიდ ბერძენ მწერალს, ნიკოს კაზანძაკისს (1883-1957) მსოფლიო, უპირველეს ყოვლისა, ალექსის ზორბასის ცხოვრების ავტორად იცნობს. წიგნში მთხრობელი მწერალია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, ძირფესვიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება: კუნძულ კრეტაზე მურა ნახშირის საბადოს ქირაობს და ნამდვილი საქმის გასაკეთებლად მიემგზავრება იქ. მართალია, საქმეში წარმატებას ვერ აღწევს, მაგრამ ბედი ახვედრებს ადამიანს, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს მწერლის პიროვნებაზე. ეს ადამიანი ალექსის ზორბასია - კაცი რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, სრულიად თავისუფალია, მათ შორის მორალური აკრძალვებისგან, და რომლისთვისაც დიდი განსხვავება არაა ღმერთსა და ეშმაკს შორის.

7. შელ ასკილდსენი - "უეცრად გამათავისუფლებელი ფიქრი" (ქარჩხაძის გამომცემლობა)

ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა

შელ ასკილდსენი გამორჩეული თანამედროვე ნორვეგიელი პროზაიკოსია. ხანგრძლივი და ნაყოფიერი კარიერის განმავლობაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული თანამედროვე ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის. ასკილდსენი ცნობილია როგორც უკიდურესად მინიმალისტური მოკლე მოთხრობების ავტორი, რომლებშიც გმირები ხან მარტოობას ებრძვიან, ხან კი ეგზისტენციალურ პრობლემებს ეჭიდებიან. კრებული „უეცრად გამათავისუფლებელი ფიქრი“ მწერლის ყველაზე ცნობილ და თავის დროზე სკანდალურ მოთხრობებს მოიცავს. ქართველი მკითხველი ასკილდსენს სწორედ ამ ნარჩევი ნაწარმოებებით გაეცნობა.

8. მიგელ ოტერო სილვა - "როცა მეტირება, არ ვტირი" (წიგნები ბათუმში)

ფოტო: წიგნები ბათუმში

„როცა მეტირება, არ ვტირი“ მიგელ ოტერო სილვას შედევრად და ვენესუელური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად არის მიჩნეული. ნაწარმოებში მოვლენები ქვეყნის ისტორიის არეულ პერიოდში ვითარდება და იმდროინდელი ვენესუელის სოციალურ-პოლიტიკური ქაოსით, გაურკვევლობითა და ცვლილებებით არის გაჟღენთილი. მიგელ ოტერო სილვას რომანის სამივე გმირი ერთ დღეს დაიბადა, სამივეს ვიქტორინო დაარქვეს და განგებამაც სამივეს საერთო ბედისწერა არგუნა, მაგრამ ბედისწერისკენ მიმავალი გზა ყველასთვის განსხვავებული გამოდგა.

სამი ვიქტორინოს ცხოვრებას ავტორი პარალელურ რეჟიმში ოსტატურად აღწერს და მკითხველიც მათთან ერთად გადის ცხოვრების გზას, მათთან ერთად განიცდის, უხარია, იძაბება და შვებას გრძნობს. განვლილი ცხოვრების ბოლოს კი მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: რა მოხდებოდა, ერთხელ მაინც რომ ეტირათ, რა მოხდებოდა, მათ დედებს მაინც რომ ეტირათ ერთხელ?

9. ევგენი ზამიატინი - "ჩვენ" (ოჩოპინტრე)

ფოტო: ოჩოპინტრე

ევგენი ზამიატინი კიდევ ერთი გამორჩეული რუსი მწერალია, რომელიც ქეთი დევდარიანის სიაში მოხვდა. ზამიატინი საბჭოთა კავშირში აკრძალული მწერალი იყო, განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ცნობილი წიგნის "ჩვენ" გამო.

ქართველი მკითხველისთვის ის ხელშესახები არც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამხდარა. არადა ზამიატინი ამ ნაწარმოებით ჯორჯ ორუელის "ნათლიადაც" შეგვიძლია მივიჩნიოთ. ოჩოპინტრეს გამომცემლობა ამ ანტიტოტალიტარულ რომანს, რომელიც ეპოქის შედევრად არის მიჩნეული, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ ენაზე შემოგთავაზებთ.

10. ჯონათან ფრენზენი "შესწორებები" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

"შესწორებები" ცნობილი ამერიკელი მწერლის რიგით მესამე წიგნია, რომელიც 2001 წელს გამოვიდა. წიგნი ლამბერტების ასაკოვანი წყვილის ყოველდღიურ ცხოვრებას აღწერს, რომელიც მათი შვილების გადაწყვეტილებების გამო მოულოდნელად შეიცვლება.

ძალიან ბევრი კრიტიკოსი წიგნს თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევს. მასზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში ნათქვამია, რომ ჯონათან ფრენზენის წიგნი 9/11-ის შემდგომ პერიოდს იდეალურად აღწერს და გვიყვება, თუ როგორ შეიცვალა შვილებისა და მშობლების ურთიერთოები. წიგნს 2001 წელს არაერთი პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის ამერიკის წიგნის ეროვნული ჯილდოც.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დღეს, 31 მაისს დაიწყო და 3 ივნისამდე გაგრძელდება. ფესტივალზე მისვლა, წიგნების დათვალიერება და შეძენა ექსპო ჯორჯიაში შეგიძლიათ.