ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია, საპარლამენტო უმრავლესობას, საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს, რადგან პროკურატურასთან დაწყებული აქცია, უმართავ პროცესში არ გადაიზარდოს. ეს განცხადება ხოშტარიამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც თბლისის საქალაქო სასამართლომ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, შექმნილ კომისიაში, უნდა მივიდეს პროკურორი და გასცეს დეპუტატების კითხვებს პასუხი.

გარდა ევროპული საქართველოსი, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს სხვა ოპოზიციური პარტიებიც.

განსხვავებული აზრი აქვთ საპარლამენტო უმრავლესობას. ისინი ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ საკითხის ამ ფორმატით განხილვა, პოლიტიკურ ჭრილში გადავა.

უმრავლესობამ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პლენარული სხდომის დაწყებამდე სათათბიროდ დრო ითხოვა. ჯერჯერობით უცნობია, შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია და იმსჯელებენ თუ არა დეპუტატები ამ საკითხზე პარლამენტში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. კერძოდ, მუხლი განზრახ მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა.

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და დაკავებულს ედავებიან მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას.