ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებული ორი არასრუწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში სასამართლომ გამართლა. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

სარალიძის თქმით, მისი შვილის მკვლელი უცნობია.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა.

"ერთ-ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაგრამ გამართლდა სარალიძესთან მიმართებაში, მეორე ბრალდებული ცნობილი, იქნა დამნაშავედ დავით სარალიძესთან მიმართებაში ხოლო გამართლდა ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში", - აცხადებს ზაზა სარალიძის ადვოკატი.

იმ ბრალდებულს, რომელიც ცნობილი იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ნაწილში, ბრალი გადაუკვალიფიცირეს და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

მკვლელობაში ბრალდებული 2 მოზარდის მიმართ სახელმწიფო ბრალდება სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვდა.

ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. საქმეში ფიგურირებს ორი ცალი დანა.

ადვოკატმა ჟურნალისტებთან არაერთხელ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ამიტომ მის გამართლებას ითხოვდა.

მეორე ბრალდბეულის ადვოკატი ტარიელ კაკაბე აცხადებდა, რომ პასუხისგებაში ყველა დამნაშავე მიცემული არ არის და საქმეში სხვა პირთა დანაშულიც იკვეთება.

სხვა პირთა ბრალეულობაზე საუბრობს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. მისი თქმით, პროკურატურას გამოძიება შეცდომაში შეჰყავს და ნამდვილ დამნაშავეებს ხელს აფარებს.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ბრალდებულის ოჯახის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლულ ორ მოზარდს ჭრილობები დანის გარდა, სხვა ბასრი საგნებითაც ჰქონდათ მიყენებული. ექსპერტის დასკვნით, სხვა ბასრი საგანი, შესაძლოა, მაკრატელიც ყოფილიყო.

ამის შემდეგ პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე მასალები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილიდან მხოლოდ სამედიცინო მაკრატელი ამოიღეს. რაც შეეხება საქმეში სხვა პირების მონაწილეობას, პროკურატურა აცხადებს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ დანაშაული სხვებმაც ჩაიდინეს.

შენიშვნა: თბილისის საქალაქო სასმართლოში ამ საქმეზე გადაწყვეტილება დახურულ სხდომაზე გამოცხადდა. ამ დრომდე სასამართლოს პრესსამსახურში სატელეფონო ზარებას არ პასუხობენ. ამ გარემოების გამო On.ge-ს მოუწია მხოლოდ ზაზა სარალიძეზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება.

მასალის თავდაპირველი სათაური იყო: "ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებული არასრუწლოვნები სასამართლომ გაამართლა", რაც უზუსტობის გამო შეიცვალა.