საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავისი უპირატესობებიც აქვს და მინუსებიც, თუმცა სადაც ხალხია, იქ ყოველთვის გვხვდება უხერხული სიტუაციები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი თავის თავშივე მოიცავს უამრავ ადამიანთან ინტერაქციას

ტრანსპორტში ადგილის დათმობისას დისკომფორტი გექმნებათ? მაშინ ნახეთ კიდევ უფრო უხერხული მომენტები, რომელთა გამოცდასაც ვერაფრით ასცდებით.

1. როცა შენგან ადგილის დათმობას ელიან

ფოტო: giphy

დიახ, ტრანსპორტში ადგილის დათმობა გარკვეულ დისკომფოტსა და უხერხულობას გვიქმნის. მაგრამ ეგ არაფერია იმასთან შედარებით, როდესაც შენი ადგილიდან არ დგები და გაბრაზებული მგზავრები თავზე გადგანან "ახლავე დამსვი" ან "სად გაიზარდე" გამომეტყველებით.

2. როცა პოლიტიკური ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს

ფოტო: giph

დაღლილი და ენერგიაგამოცლილი სამსახურიდან სახლში ბრუნდები და ადიხარ ავტობუსში, სადაც, როგორც წესი, ორ პოლიტიკურ ბანაკად დაყოფილი მგზავრები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე კამათობენ. ვერა, ამ დროს შუაშისტობა ვერ გიშველით!

3. როდესაც კონდიციონერი გამორთულია

ფოტო: gip

ის ძალიან უხერხული შემთხვევა, როდესაც საშინელ სიცხეში ოფლად იღვრები და მძღოლი გამაგრილებელ სისტემას ცოცხალი თავით არ რთავს. მგზავრები, რომლებიც გაპროტესტების ნაცვლად სიჩუმეს ამჯობინებენ, როგორც წესი, ფულის მოტეხვის ამ მისტიური სქემის გაშიფრვაზე მთელი გზა ფიქრობენ ხოლმე.

4. გაციების ფობიით შეპყრობილი მგზავრი

ფოტო: gip

კარგი, ვეგუებით ფაქტს, რომ კონდიციონერი არასდროს გვეღირსება, ვაღებთ ფანჯარას და ვცდილობთ, რომ ამ აუტანელ სიცხეში სიცოცხლე მაინც შევინარჩუნოთ. ამ დროს კი არსაიდან, რეალურად კი უკანა სავარძლიდან თავს ჰყოფს ცოტა ძაან უცნაური, გაციების ფობიით შეპყრობილი მგზავრი და კატეგორიული ტონით ფანჯრის დახურვას მოითხოვს.

5. დიდი ხნის უნახავ ნაცნობთან შეხვედრა

ფოტო: giphy

ხელფასამდე დარჩენილი ბოლო კაპიკებით ტაქსების ნაცვლად ავტობუსით უნდა იმგზავრო. ესეც არ კმარა და მაინცდამაინც ახლა, ტრანსპორტში დიდი ხნის უნახავი ნაცნობი ამოდის, რომლის დაპატიჟებაც არც მეტი არც ნაკლები, ჯიბეში გადამალული პურის ფულით გიწევს.

6. როცა საფულე სახლში დაგრჩა

ფოტო: giphy

როდესაც ტრანსპორტიდან ჩასვლამდე აღმოაჩენ, რომ საფულე სახლში დაგრჩენია, ამაზე უხერხული სიტუაცია რაღა გინდა? თავიდან ბოლომდე აღაჟღაჟებული სახით მძღოლს მადლობას ეუბნები და დარცხვენილი ჩადიხარ.

7. გვერდით გიჯდება ადამიანი, რომელიც შენს მხარზე იძინებს

ფოტო: giph

არაფერი მოასწავებდა იმას, რომ ასე დაახლოვდებოდით, მაგრამ ფაქტია, ის გვერდზე ზის, თავი შენს მხარზე ან უფრო ცუდი, მკერდზე ჩამოუდია და არხეინად ფშვინავს.

8. უკონტროლო ზურგჩანთა

ფოტო: giph

თუ ზურგჩანთის ტარება გიწევთ, ტრანსპორტში ასვლისას ფრთხილად იყავით, რომ შემთხვევით ვინმეს სახეში არ მოარტყათ. ასეთ სიტუაციებში მაგრად გაილანძღებით. ზურგჩანთიანი ადამიანები ტრანსპორტში მაინცდამაინც არ ეხატებათ გულზე.

9. მოძალადე კონტროლიორი

ფოტო: giphy

ყველაზე ცუდი შემთხვევა კი მაინც ის არის, როცა გადავსებულ ტრანსპორტში, კონტროლიორი თავზე დამდგარი გაბულინგებს, რომ სასწრაფოდ ავტობუსის ბოლოში გადაფრინდე და ბილეთი აიღო.