განახლება: მიგრანტმა "სპაიდერმენმა", ბავშვის გადარჩენის შემდეგ, საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო

სულ რაღაც 40 წამში, კაცმა, რომელიც წარუმატებლად მალავს, რომ ადამიანი ობობაა, პარიზის ერთ-ერთი ბინის მეოთხე სართულზე, აივანზე ჩამოკიდებული ბავშვი ჩამოვარდნისგან იხსნა.

ახალგაზრდა კაცს, რომელიც პარიზში ახალი ჩასული მამოუდუ გასამა აღმოჩნდა, არ უფიქრია თავის უსაფრთხოებაზე. როდესაც საფრთხეში მყოფი ბავშვი დაინახა, ყველანაირი დაცვის გარეშე აძვრა აივნებზე და იმ ადგილს მიაღწია, სადაც ბავშვი იყო ჩამოკიდებული.

ბინის ქვემოთ უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, რომელიც ამ მომენტს იღებდა. ბავშვის მეზობელი კი, გვერდითა აივნიდან მის ხსნას ცდილობდა და ვერ წვდებოდა. მას შემდეგ, რაც გასამამ ბავშვი იხსნა, ბინის ქვემოთ შეკრებილებმა ის ტაშითა და ოვაციებით გაამხნევეს.

ადგილზე შეკრებილებმა ინტერნეტში ვიდეო და ფოტოები გაავრცელეს, რომლებიც უკვე მილიონობით ადამიანმა ნახა.

ცოტა ხანში, ადგილზე მეხანძრეებიც მოვიდნენ, თუმცა ბავშვი უკვე გადარჩენილი იყო. მათ 22 წლის მიგრანტს მადლობა გადაუხადეს.

სიმამაცისთვის გასამა პარიზის მერმაც შეაქო და მას მეთვრამეტე ქუჩის სპაიდერმენი უწოდა:

"მე მას პირადადაც დავურეკე და ვესაუბრე. მითხრა, რომ რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა პარიზში, იმ ოცნებით, რომ აქ თავის ცხოვრებას მოაწყობდა. ვუთხარი, რომ მისი გმირული საქციელი ჩვენი მოქალაქეებისთვის კარგი მაგალითია და მთელი პარიზი დაეხმარება მას, რომ აქ თავი ბედნიერად იგრძნოს".

გასამა 22 წლის მიგრანტია, აფრიკის ქვეყანა მალიდან. მისი თქმით, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.

"როცა გადავარჩინე, სწორედ მაშინ ვიგრძენი შიში. როდესაც ბავშვი აივნიდან ოთახში შევიყვანე და ჩამოვსვი, ავკანკალდი, ფეხზე დგომა აღარ შემეძლო", - ამბობს ის.