თეთრი ხმაურის მოძრაობას მიაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეები 1918 წელს ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების მიუხედავად არ არიან დამოუკიდებლები. ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა მოძრაობამ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების 100 წლის იუბილეზე, დღეს, 26 მაისს.

"გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თუმცა ჩვენ, ზუსტად 2 კვირის წინ უმიზეზოდ დარბეულ და ღირსებაშელახულ ადამიანებს, არაფერი გვაქვს საზეიმო", - წერია განცხადებაში.

მათი თქმით, 12 მაისის ღამემ საბოლოოდ დაგვანახა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არ არიან დამოუკიდებელნი სისტემის ტერორისგან, ძალაუფლების სამარცხვინო სცენარებისგან, დაშინებისა და შანტაჟის პოლიტიკისგან.

"ცალსახაა, რომ 12-13 მაისის მოვლენები გასცდა დარტყმის ობიექტად ქცეულ კლუბებსაც და პოლიციის ინსტრუმენტად ქცეულ ნარკოპოლიტიკასაც. დიახ, ჩვენ ბევრად ღრმა შინაარსის პრობლემების წინაშე დავდექით, ხოლო ტკივილი, რომელიც სისტემამ მოგვაყენა, კომპენსაციას არ ექვემდებარება და პასუხს მოითხოვს", - აღნიშნულია განცხადებაში.

მოძრაობის წარმოამდგენლების თქმით, მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა განახლდა, თუმცა უცნობია შეთანხმების დეტალები.

"ამ დრომდე არ შემდგარა შეხვედრა შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებთან, რომლის სავარაუდო თარიღად მიმდინარე კვირის ბოლოა დასახელებული. მართალია, შეხვედრა პრინციპული მნიშვნელობისაა, თუმცა ვადის ამოწურვისთანავე ჩვენ ვწყვეტთ მოლაპარაკების მაგიდის ფორმატში მონაწილეობას", - აღნიშნავენ მოძრაობაში.

მოძრაობის მოთხოვნაა, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილების საკითხი საგაზაფხულო სესიას არ გასცდეს.

"ეს ცვლილებები პირველ რიგში იმისთვის გვჭირდება, რომ აღარ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე", - აცხადებენ მოძრაობაში.

გაიგეთ მეტი ბასიანსა და გალერიში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.