მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძესა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შორის შეხვედრა არ შედგა.

ზაზა სარალიძე ითხოვდა, რომ შეხვედრა სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელებიც დასწრებოდნენ, რაზეც პროკურატურა უარს აცხადებდა. სარალიძემ შოთაძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაგდა კაპანაძის თქმით, ირაკლი შოთაძესთან მხოლოდ ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი უნდა შესულიყვნენ. კაპანაძის განმარტებით, შეხვედრის დროს საქმის კონკრეტულ დეტალებზე უნდა ესაუბრათ და სარალიძისა და ადვოკატის გარდა სხვა პირებს უფლება არ აქვთ, რომ ამ ინფორმაციას ფლობდნენ.

"შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ არც ორდერი და, შესაბამისად, არ ჰქონდათ უფლება, სცოდნოდათ და იცოდნენ კონკრეტული დეტალები საქმის შესახებ", - განაცხადა კაპანაძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია სასამართლო პროცესებში ჩართულია და მათი წარმომადგენელი ორდერით იცავს ზაზა სარალიძის ინტერესებს.

გუშინ, 24 მაისს ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ მზადაა დავით სარალიძეს შეხვდეს და ყველა მის კითხვას პასუხი გასცეს.