ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ლივერპულის ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა კომენტარი არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთა. მან ისაუბრა როგორც ბავშვობის საყვარელ ფეხბურთელებზე, ასევე შესაძლო ჩემპიონობაზე.

ჩემპიონთა ლიგის მოგების შესახებ:

"არ ვიცი რა უნდა ვთქვა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება, ეს რაღაც განსაკუთრებულია. ოცნებები რეალობას უახლოვდება. კლუბშიც და ქალაქშიც ყველა ემოცითაა სავსე. მახსოვს, 2 წლის წინ ეგვიპტეში ვიყავი და მხოლოდ წარმოვიდგენდი იმას, თუ რა ხდებოდა ფინალში".

რეალთან შეხვედრის შესახებ:

"ეს ის გუნდია, რომელსაც ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული. ბოლო 4 წელიწადში სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, ასე რომ, უზარმზარი გამოცდილება აქვთ. თუმცა ფინალი ერთმატჩიანია, ასე რომ წარსულზე ნაკლებად ვფიქრობთ. როცა შეხვედრა დაიწყება, 11 ფეხბურთელი 11-ის წინააღმდეგ ითამაშებს.

იურგენ კლოპის შესახებ:

"ცხადია, ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, რასაც იგი გვეტყვის, თუმცა ამასთანავე, კლოპი გვანიჭებს თავისუფლებას, ვითამაშოთ საკუთარი სტილით. იგი ფეხბურთელებს თავდაჯერებულად ყოფნაში ეხმარება. მისი დამსახურებით ჩვენს გუნდში ყველა თავდაჯერებულია, სწორედ ამიტომ ვიტანთ ამდენ გოლს. იგი არამხოლოდ ჩემი მეგობარი, არამედ ყველას მეგობარია".

გუნდის შიგნით არსებული მდგომარეობის შესახებ:

"ჩვენ მეგობრები ვართ. უმეტესობა ჩვენგანი ერთად სადილობს და თავისუფალ დროსაც ერთად ატარებს. ეს თამაშის დროს ძალიან გვეხმარება. ჩვენ ვიზრდებით, როგორც გუნდი, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში".

ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელების შესახებ:

"(ფრანჩესკო) ტოტი, ბრაზილიელი რონალდო, (ზინედინ) ზიდანი".

რობერტო ფირმინოსა და სადიო მანეს შესახებ:

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდმა გოლის გატანა შეძლოს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მისი ავტორი. მატჩების მოგება, ქულების მოპოვება, აი, რა გვაღელვებს. ჩვენგან ეგოისტი არცერთი არაა. ვცდილობთ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ".

ჩემპიონთა ლიგის ფინალი რეალსა და ლივერპულს შორის ხვალ, 26 მაისს, 22:45-ზე დაიწყება.