ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ხელფასების არგაცემას სასამართლოში გაასაჩივრებს. ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ორგანიზაციამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიმართა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პოზიციით, ინფორმაციის გასაჯაროება მიზანშეწონილი არაა, რადგან ის კერძო სამართლის იურიდიული პირია და კანონით, არ აქვს ინფორმაციის გაცემის ვალდებულება.

EMC-ის განმარტებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პროცესი მნიშვნელოვანია.

"კომპანია მეტროს მემანქანეებთან კოლექტიურ შრომით დავაში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის მთავარ არგუმენტად ფინანსური სახსრების არარსებობას ასახელებს. კომპანიის ამ არგუმენტის მიმართ არსებობს შეკითხვები", - წერს ორგანიზაცია.

ასევე, ორგანიზაცია აცხადებს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია მერიას ეკუთვნის და, შესაბამისად, ფინანსური საკითხების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები საჯარო ინფორმაციაა.

EMC-ის განმარტებით, სატრანსპორტო კომპანიის მიერ ადრე გასაჯაროებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და იქ მოყვანილი რიცხვები ბევრად აღემატება მემანქანეთა რეალურ ხელფასს.