საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, აქვს სურვილი, რომ საქართველო ამჯერად შეუქცევადად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

"ვისურვებ, ის უდიდესი საქმე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1918 წლის 26 მაისს, დაგვირგვინებულიყოს საქართველოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიღებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის ყველას გვჯერა და გვწამს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან მიმოიხილა ის ღონისძიებები, რომელიც 26 მაისთან დაკავშირებით მთელ საქართველოშია დაგეგმილი, მათ შორის შეეხო უცხოური დელეგაციებისა და პრეზიდენტების ვიზიტს.

"მეგობრებო, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება გველის. დღეს საქართველოს წარმატებას აღიარებს მთელი მსოფლიო. ევროპაში საქართველო მიიჩნევა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების მიხედვით და ვფიქრობთ, ძალიან ღირსეულად ვხვდებით ამ თარიღს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო და უმთავრესი საქმე ელის - მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის გამთლიანება.

"ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი მისია ჩვენი თაობის, ჩვენი ხელისუფლების და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ მისიას ნაბიჯ-ნაბიჯ, ღირსეულად აღვასრულებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაიგე მეტი: დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში - სრული სია