აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასი წლის შემდეგ აფროამერიკელი ბოქსიორი ჯეკ ჯონსონი შეიწყალა, რომელიც დისკრიმინაციულ ნიადაგზე თეთრკანიან ქალთან ერთად მოგზაურობის გამო გაასამართლეს.

ჯეკ ჯონსონი იყო პირველი აფროამერიკელი ბოქსიორი, რომელიც მძიმე წონის კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 1913 წელს ის მანის კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს. მანის კანონი ადამიანებით ვაჭრობის თავიდან ასაცილებლად იყო შექმნილი, თუმცა მას უფრო ფართო გამოყენებაც მოუძებნეს.

ჯეკ ჯონსონი

ჯონსონი დამნაშავედ სცნეს იმაში, რომ მან თეთრკანიან ქალთან ერთად შტატების საზღვარი "ამორალური მიზნით" გადაკვეთა და ათი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ბოქსიორის მიმართ გამოტანილი განაჩენი დისკრიმინაციად მიიჩნიეს, რადგან ის თეთრკანიან ქალთან ერთად მოგზაურობდა.

"მიმაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯია, რომ ისტორიის შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, და პატივი მივაგოთ ნამდვილად ლეგენდარულ ბოქსიორს", - განაცხადა ტრამპმა სპეციალური ცერემონიის მსვლელობისას.

ცერემონიას ესწრებოდა მსახიობი სილვესტერ სტალონე, რომელიც ჯონსონის შეწყალების ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯონსონის მიმართ გამოტანილი განაჩენი იყო რასობრივი დისკრიმინაცია და ყოველმხრივ უსამართლო.