ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორ, ირაკლი შოთაძეს საჯარო შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დასამალი არაფერი აქვს.

"საზოგადოება საქმის კურსში უნდა იყოს, რა საუბარი შედგება ჩვენს შორის. აქედან გამომდინარე, ღია შეხვედრის მომხრე ვარ თუ თავადაც იქნებიან თანახმა. მე დასამალი არაფერი არ მაქვს და თუ თავადაც არაფერი არ აქვთ დასამალი, იმედია გადადგამენ ამ ნაბიჯს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე ზაზა სარალიძეს და ადვოკატს დღეს 19:00 საათიდან ელოდებიან.

24 მაისს, მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა.