თითქოს ცხოვრება ისედაც საკმარისად რთული არ იყო, 21-ე საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებს კიდევ ერთი საზრუნავი დაგვემატა: როგორ გადავიღოთ ისეთი სელფი, რომელიც უთვალავ მოწონებას დაიმსახურებს და სოციალურ მედიაში ჩვენს გარეგნობას საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს?

თუ სელფის გადაღების ხელოვნება ჯერ უმაღლეს დონემდე არ აგიყვანიათ, ჩვენი რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ.

1. შეისწავლეთ თქვენი სახე

არავინაა იდეალურად სიმეტრიული და თუ სარკის წინ საკმარისი დრო გაქვთ გატარებული, ისიც გეცოდინებათ, მარჯვენა პროფილი უფრო უკეთესი გაქვთ თუ მარცხენა. გააკეთეთ აქცენტი საკუთარ ღირსებებზე.

2. მოძებნეთ ფანჯარა

ჩაბნელებული ოთახი იმის გარანტიაა, რომ საშინელ სელფის გადაიღებთ. ბუნებრივი განათება ბევრად უკეთესია, ვიდრე კამერის სანათი. ეცადეთ, ჩრდილებს მოერიდოთ. ინსტაგრამის მოდელები კიდევ ერთ საიდუმლო ხერხს გვასწავლიან: აიღეთ თეთრი ფურცელი და განათავსეთ ნიკაპის ქვემოთ, ოღონდ ისე, რომ კადრში არ ჩანდეს. არეკლილი შუქი თქვენს სახეს სიცოცხლეს შესძენს.

3. გადაიღეთ ბევრი, ძალიან ბევრი ფოტო

თქვენ გგონიათ, კაილი ჯენერი ან სელენა გომეზი პირველივე ჯერზე იღებენ სრულყოფილ ფოტოს? ამისთვის მათ, ისევე როგორც თქვენ, უამრავი ცდა სჭირდებათ.

4. გაიღიმეთ თვალებით

შეუძლებელია, გულწრფელი ღიმილი ფოტოზე არ აისახოს. ეცადეთ, რომ თვალებიდან ასხივებდეთ სითბოსა და კეთილგანწყობას და ბევრს ნუ იფიქრებთ ამ საკითხზე. რაც უფრო გაართულებთ ფოტოსთვის გამომეტყველების შერჩევას, უფრო დაგეტყობათ, რომ ძალიან ცდილობთ.

5. გაითვალისწინეთ კამერის პოზიცია

კიმ კარდაშიანი გვირჩევს, ნიკაპი ქვემოთ დავხაროთ, კამერა კი ზემოთ დავიჭიროთ. თუ თქვენს სახეს ქვემოდან გადაიღებთ, არ გაგიკვირდეთ, თუ ფოტოზე ბევრად უფრო მძიმეწონიანი გამოჩნდებით. ეცადეთ, პირდაპირ კამერაში არ იყუროთ. მაცდური მზერა მაშინ იქმნება, როცა ობიექტივს ოდნავ შეტრიალებული უცქერთ.

6. შეარჩიეთ სწორი ფილტრი

გაინტერესებთ, ინტაგრამზე რომელი ფილტრი უხდება მეტ-ნაკლებად ყველას? პასუხია ვალენსია [Valencia]. ფოტოების დასამუშავებლად კი შეგიძლიათ არჩევანი Afterlight app-ზე შეაჩეროთ. თუ სმარტფონებსაც ამ ნიშნით არჩევთ, სელფებით განთქმული მოდელები Samsung Galaxy S5-ს გირჩევენ. სამსუნგის სელფის რეჟიმი ავტომატურად ათანაბრებს კანის ფერს და თვალებს ბრწყინვალებას მატებს.

7. ყურადღება მიაქციეთ უკანა ფონს

ფონი ან საინტერესო უნდა იყოს (უცხო ქალაქი, არაჩვეულებრივი ხედი) ან პირიქით - მონოტონური. ამ ორს შორის გარდამავალი უკანა ფონი თქვენს სელფის არაფერში დაეხმარება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ კადრში თქვენ გარდა არავინ უნდა იყოს.

გარდა ამისა, აუცილებლად გაეცანით სხვა შუადღის წამყვანების რჩევებს იდეალური ფოტოს გადასაღებად.