27 მაისს BASSIANI-ის რეივ-აქცია რიყის პარკის ნაცვლად კლუბში გაიმართება. საღამო 17 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს.

"ჩვენი კარი ღიაა. თუმცა, ღია კარი არ ნიშნავს რომელიმე ღამის კლუბის გახსნას, არამედ კარის გაღებას საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, ყველა ადამიანისთვის ვინც მზადაა ერთად დადგეს საერთო გამოწვევებისა და პრობლემების წინააღმდეგ", - აღნიშნულია ბასიანის განცხადებაში.

კლუბში ამბობენ, რომ თბილისის საკლუბო სცენამ ერთიანობისა და სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი გამოავლინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ხალხთან ერთად სოციალური ცვლილებების ავანგარდში დგას, იბრძვის სამართლიანობისთვის, თანასწორობისა და თავისუფლებისთვის.

"27 მაისი სიმბოლური თარიღია, ბერლინის საკლუბო სცენაზე არსებული 70-ზე მეტი კლუბი მასობრივ რეივ-აქციას მართავს. ადგილობრივი გამოწვევებით ვუერთდებით ამ სულისკვეთებას და 27 მაისს, ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენლები, კლუბები, ფესტივალები, არტისტები, ლეიბლები, მუსიკალური პროექტები ერთად ვდგებით და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ", - აცხადებენ კლუბში.

"დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია, ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით, ერთად ვიმარჯვებთ!" - ვკითხულობთ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ბასიანში აღნიშნავენ, კლუბების ინიციატივას უერთდება გლობალური ონლაინ მუსიკალური პლატფორმა Boiler Room, რომელიც თბილისის აქციას პირდაპირი ტრანსლაციით გადასცემს.

11 მაისს გვიან ღამით შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა და ნარკორელიზატორობის ბრალდებით რვა პირი დააკავა. რამდენიმე საათში კი პოლიცია ბასიანში, კაფე გალერისა და ბლოუ-ბარში შევიდა, კლუბის სტუმრები გარეთ გაიყვანა და შენობების ჩხრეკა დაიწყო.

ბასიანთან და გალერისთან პოლიციელებს, სპეცრაზმელებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართადამცავების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 50-მდე პირი დააკავეს.

კლუბს ლუქი 23 მაისს მოხსნეს.

გაიგეთ მეტი ბასიანში ჩატარებული სპეცოპერაციისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ.