რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საპატრიარქოს განცხადებას, რომელშიც საპატრიარქომ სამღვდელოებას ბოიკოტისკენ მოუწოდა, On.ge-სთან საუბრისას პასუხობს.

ნიკა გვარამიას თქმით, ეს განცხადება ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად არის ორკესტრირებული.

"საპატრიარქოში არსებული შავ-ბნელი დაჯგუფება, რომელიც დღეს სამწუხაროდ გამოხატავს საქართველოს საპატრიარქოს აზრს, ეკლესიას აზიანებს და ამას ყველა კვლევა აჩვენებს და სამწუხაროდ ეს შავრაზმული დაჯგუფების დამსახურებაა. ამ შავრაზმულ დაჯგუფებას არ უნდა დემოკრატია, არ უნდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მას უნდა ცენზურა, მას უნდა საქართველოში ქაოსი, მას უნდა საქართველოში რუსული მმართველობა და საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ის ამ დაჯგუფებას მართლმადიდებლობისა და პატრიარქის პირად მტრად განიხილავს. ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ საქართველოს პატრიარქს ამ განცხადების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"ღრმად დარწმუნებულები ვართ, სრულიად არ არის კავშირში ამ განცხადებასთან. ეს არის კონკრეტული შავრაზმელების განცხადება, რომელიც არ არიან სამღვდელო პირები", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ის რამდენიმე სახელსა და გვარს ასახელებს, მათ შორის მიტროპოლიტ იობსა და შორენა თეთრუაშვილს.

ნიკა გვარამია რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის მიერ გიორგი გაბუნიას დაწყევლასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეიდან რუსთავი 2-ის ნებისმიერი თანამშრომლის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით კი გიორგი გაბუნიასი, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს საპატრიარქოს.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ხელისუფლება შემოიღებს ცენზურას, ეკისრება საქართველოს საპატრიარქოს.

"დღეიდან სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ ერთგვარი ლეგიტიმური მიზეზი იპოვა იმისა, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს რუსთავი 2-ს ეკისრება საქართველოს საპატრიარქოს, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ჩაერია ამ განცხადებით და დაარღვია სეკულარული სახელმწიფოს პრინციპები", - უთხრა On.ge-ს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს ყველა პროგრესულად მოაზროვნე, სახელმწიფოსა და ეკლესიის გულშემატკივარს სამღვდელო პირს, მოაგვარონ პრობლემა, როდესაც "საპატრიარქოს სახელით საუბრობენ ყველაზე უფრო დეგრადირებული, რეტროგრადული აზროვნების ადამიანები". ნიკა გვარამიას თქმით, ეს აზიანებს სახელმწიფოს.

გაიგეთ მეტი: