ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ გამომცემლობამ წიგნები ბათუმში გადაწყვიტა ლიან მორიარტის პოპულარული რომანი, დიდი პატარა ტყუილები, ქართულ ენაზე თარგმნოს.

სასიხარულო ამბავი კი ისაა, რომ წიგნის შეძენას სულ მალე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე შეძლებთ, რომელიც 31 მაისიდან - 3 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

ამის შესახებ გამომცემლობამ, წიგნები ბათუმში, ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

"დიდი პატარა ტყუილები იმ სიმართლის საბადოა, რომელსაც თვალს ვერ ან არ ვუსწორებთ. ეს არის ამბავი ქალებზე, რომელთა ცხოვრებასაც განსაზღვრავს ტრაგედია... ეს არის ამბავი ცოლებზე, ყოფილ ქმრებზე, ძალადობის უწყვეტ ციკლზე, სკოლის კედლებს მიღმა დაბუდებულ ინტრიგებსა და სკანდალებზე. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ამბავი იმ პატარა, საშიშ ტყუილებზე, რომლებითაც საკუთარ თავებს ვკვებავთ; თან გვგონია, რომ თუ გავუძლებთ, პრობლემა თავისით მოგვარდება", - წერია გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

წიგნის პოპულარობიდან გამომდინარე, 2016 წელს ეკრანზე HBO-ს ამავე სახელწოდების სერიალი გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი, შეილინ ვუდლი, ლორა დერნი და ალექსანდრ სკარსგარდი ასრულებენ.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ექსპო ჯორჯიაში გაიმართება, რომელიც წერეთლის #118-ში მდებარეობს.