კომპანია სვანეთი ჰიდრო მესტიის მოსახლეობისთვის პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, კომპანიის წარმომადგენლებმა მესტიის სკოლები მოინახულეს და სკოლის ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.

პროექტის მიზანი მოზარდი თაობის განვითარების ხელშეწყობა, წიგნიერების ამაღლება და მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაა. კლასგარეშე ლიტერატურა და ზოგადად, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკის არსებობა სკოლებში მოზარდი თაობის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

"კომპანია სვანეთი ჰიდრომ დღეს ჩვენს სკოლას დიდი საჩუქარი გაუკეთა: მხატვრული ლიტერატურით შეგვივსო სკოლის წიგნადი ფონდი. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ჩვენ სკოლას ნამდვილად ესაჭიროებოდა ბიბლიოთეკის განახლება", - აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლის დორექტორი, ნატო გვარლიანი.

"ძალიან მოხარული ვარ რომ ჩვენ სკოლას გადმოეცა წიგნები და ადგილზე შეგვიძლია მოვიძიოთ ჩვენთვის სასურველი ლიტერატურა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია. ერთი სული მაქვს, როდის დალაგდება წიგნები იმისთვის, რომ ავირჩიო ჩემთვის სასურველი ნაწარმოები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ საქმეში და ჩვენ სკოლას წიგნები აჩუქა“, - ამბობს მესტიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე, ლიზი ჯაფარიძე.

კომპანიამ მესტიის მოსახლეობისთვის უკვე 1 მლნ ლარის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. კომპანია ადგილობრივი მოსახლოების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად სხვადასხვა მიმართულების: განათლების, ტურიზმის და სპორტის ხელშეწყობისთვის სოციალურ პროექტებს აქტიურად გააგრძელებს.

"მხატვრული ლიტერატურა წინასწარ შევარჩიეთ მესტიის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ერთად. ამასთან ერთად, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს და გვსურს მესტიის სკოლის ბიბლიოთეკები ვაქციოთ ისეთ სივრცედ, სადაც ბავშვები რაც შეიძლება მეტ დროს გაატარებენ და კიდევ უფრო შეუყვარდეთ წიგნის კითხვა“ - ამბობს სვანეთი ჰიდროს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო ნატროშვილი.

აღსანიშნავია, რომ სვანეთი ჰიდრო დაბა მესტიაში არადაგუბებითი ტიპის ჰესს, მესტიაჭალა ჰესს, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით აშენებს. მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე.

მესტიაჭალა ჰესის სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ხოლო ინვესტიციის 2/3 უკვე განხორციელებული. მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ჰესის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ დოლარია.